ახალი ამბები

მოსამართლეთა კონფერენციაზე კვოტებთან დაკავშირებით კამათობენ

9 ივნისი, 2013 •
მოსამართლეთა კონფერენციაზე კვოტებთან დაკავშირებით კამათობენ

მოსამართლეთა კონფერენციამ დღეს საბჭოს შვიდი წევრი უნდა აირჩიოს. აქედან სამი ადგილი აუცილებლად უნდა დაიკავოს კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეებმა, რომელთა რაოდენობა თერთმეტია. რაც შეეხება დანარჩენ 4 ადგილს, მის დასაკავებლად არჩეევნებში 230–ამდე მოსამართლემ უნდა იბრძოლოს. 

 

მოსამართლეთა ნაწილი აღნიშნულს უსამართლოდ მიიჩნევს, მათ განცხადება ამასთან დაკავშირებით 3 ივნისს გაავრცელეს

 

მოსმართლე ნათია გუჯაბიძემ კონფერენციაზე განაცხადა, რომ კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეები რიგით მოსამართლეებისაგან სტატუსით არ განსხვავდებიან კანონით,შესაბამისად, ცალკე კვოტა არ უნდა ჰქონდეთ და დანარჩენ  240–მდე რიგით მოსამართლესთან ერთად იბრძოლონ შვიდიდან ერთ–ერთი ადგილის დასაკავებლად. 

 

გარდა ამისა, მოსამართლეთა ნაწილი უსამართლოდ მიიჩნევს შემდეგ საკითხს. კოლეგიების და პალატების თავმჯდომარეებს პირველ ტურში  240 ხმის 2/3–ის მოპოვება სჭირდებათ, ხოლო მეორე ტურში საკმარისია 1/3 ანუ 60 ხმა, მაშინ, როცა, თუ რიგითმა მოსამართლემ პირველ ტურში ვერ აიღო ხმების 2/3, მეორე ტურში გასამარჯვებლად ხმების ნახევარზე მეტი სჭირდება. 

 

მოსამართლეთა ნაწილის პრეტენზიებს დარბაზშივე უპასუხეს სხვა მოსამართლეებმა. მოსამართლე გოჩა აბუსერიძის განცხდებით, კანონი ბუნდოვანი არ არის და მოსამართლეებს არ აყენებს უთანასწორო მდგომარეობაში. 

 

“რაც შეეხება დისკიმინაციის საკითხს კვოტებთან დაკავშირებით, თუ ვინმეს არ სურს პალატის და კოლეგიის თავმჯდომარის არჩევა იუსტციის უმაღლეს საბჭოში, არ მისცეს ხმა და ის არ იქნება არჩეული”– განაცხადა მან.

 

კიდევ ერთმა მოსამართლემ ვალერი ცერცვაძემ კი განაცხადა, რომ უსამართლობაა, როცა სასამართლოს თავმჯდომარეებს ეკრძალებათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა. თუმცა ამას ისინი ემორჩილებიან და მან კოლეგებს მოუწოდა, დაემორჩილონ კანონს. 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 9 ივნისს, სასტუმრო “რადისონში” საქართველოს მოსამართლეთა მეათე კონფერენცია ტარდება. დღის წესრიგის თანახმად მოსამართლებმა დღეს  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შვიდი წევრი უნდა აირჩიონ. 

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევა ფარული კენჭისყრით მოხდება.  ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგან აქამდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ღია კენჭისყრით ირჩევდნენ. იუსტიციის 7 წევრი უნდა აირჩოს 240-მა მოქმედმა მოსამართლემ. პირველ ტურში გამარჯვებულთა გამოსავლენად ერთმა კანდიდატმა  ხმების მინიმუმ 2/3 უნდა დააგროვოს. საჭიროების შემთხვევაში მეორე ტური გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი