ახალი ამბები

თბილისში მოსამართლეთა კონფერენცია ტარდება

9 ივნისი, 2013 • • 922
თბილისში მოსამართლეთა კონფერენცია ტარდება

დღეს ასევე გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები. არჩევნების დაწყებამდე მოსამართლეები ხმის დამთვლელ კომისიას აირჩევენ სამი მოსამართლის  შემადგენლობით, რის შემდეგაც  მოსამართლეები დაამტკიცებენ პროექტს “მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ”. 

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევა ფარული კენჭისყრით მოხდება.  ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა, რადგან აქამდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ღია კენჭისყრით ირჩევდნენ. იუსტიციის 7 წევრი უნდა აირჩოს 240-მა მოქმედმა მოსამართლემ. პირველ ტურში გამარჯვებულთა გამოსავლენად ერთმა კანდიდატმა  ხმების მინიმუმ 2/3 უნდა დააგროვოს. საჭიროების შემთხვევაში მეორე ტური გაიმართება.

 

კანდიდატთა წევრების ვინაობა ჯერ–ჯერობით  უცნობია, კანდიდატებს თავად მოსამათლეთა რიგებიდან დაასახელებენ დღის განმავლობაში.

 

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოსამართლეთა ნაწილი არათანაბარ საარჩევნო გარემოზე საუბრობდა და მოუწოდებდნენ სასამართლოების კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეებს, უარი ეთქვათ კანონით მინიჭებულ უპირატესობაზე.

 

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში, რომელიც ახალმა პარლამენტმა მიიღო, წერია, რომ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ უმაღლესი საბჭოს  ასარჩევი 7 წევრიდან  3 ადგილი აუცილებლად უნდა დაიკავონ კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეებმა, რომელთა რაოდენობა სულ 11-ია. დანარჩენი 4 ადგილის დასაკავებლად კი 200–ზე მეტ მოსამართლე იბრძოლებს.

 

მოსამართლეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არათანაბარ საარჩევნო სიტუაციაში აყენებს რიგით მოსამართლეებს კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეების მიმართ.

 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ შეცვალა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონი, რომლის მიხედვითაც შეიცვალა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი, სწორედ ამის გამო გახდა აუცილებელი მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარება. აქამდე იუსტიციის საბჭოს 15 წევრიდან ექვსს ნიშნავდა პარლამენტი პარლამენტარებისგან, ორ წევრს ნიშნავდა პრეზიდენტი, ერთი წევრი იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე,  დანარჩენ წევრებს ირჩევდა მოსამართლთა კონფერენცია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი