ახალი ამბები

პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს მორიგ სხდომას იწვევს

8 ივნისი, 2013 • • 936
პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს მორიგ სხდომას იწვევს

“ავღანეთში ქართული შენაერთის მიმართ განხორციელებული თავდასხმის, ქართველი სამხედროებისა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოკლიპების გავრცელებისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების შესახებ საქართველოს პრეზიდენტი იწვევს უშიშროების საბჭოს სხდომას”.– ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში


განცხადების თანახმად, პრეზიდენტი მზადაა, ზუსტი დრო დანიშნოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის აპარატების შეთანხმების მიხედვით, ორშაბათს, სამშაბათს ან ოთხშაბათს.


შეგახსენებთ, 5 ივნისს უკვე გაიმართა უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელსაც პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ ესწრებოდა.  მისი თქმით,  დღის გრაფიკი მას უკვე გაწერილი ჰქონდა და ამის გამო, “საუბედუროდ”, ვერ მოახერხა უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობა:

 

“უშიშროების საბჭოზე, საუბედუროდ, ვერ მივდივარ. მიზეზი მარტივია ძალიან. გუშინ, 7 საათის შემდეგ, თათბირზე შემომიტანეს სასწრაფო განცხადება, რომ იკრიბებიან დღეს. მე როგორც ვიცი, ქვეყანაში არაფერი არ მომხდარა გუშინ განსაკუთრებული და არც – გუშინწინ. თუ ბოლო მოვლენებს გავითვალიწინებთ, არაფერი სიახლე არ იყო. მე ჩემი გრაფიკი მქონდა გაწერილი და არ ჩანს იმის აუცილებლობა, რატომ ერთ დღეში ნიშნავენ და მეორე დღეს რამდენიმე საათის წინ გაცნობებენ შეკრების შესახებ მაშინ, როდესაც 7 თვეა არ იკრიბებიან. ეს სტრუქტურა ღებულობს ხელფასებს ბიუჯეტიდან და გაუგებარია, ამდენ ხანს რატომ ვერ ახერხებდნენ შეკრებას. ჩვეულებრივი სტილია წინა ხელისუფლების: ჯერ არაფერს არ აკეთებენ, მერე სასწრაფოდ მოისურვეს და რამდენიმე საათის წინ შეგვატყობინეს ამის შესახებ. შესაბამისად, მე არ ვთვლი აუცილებლად, რომ დავარღვიო ჩემი გრაფიკი, მე მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები და მინდა, რომ გავაგრძელო, თუმცა გუნდის წევრებიდან ძალიან ბევრი არის. მე როგორც ვიცი, უსუფაშვილსაც აქვს საშუალება და დაესწრება, მაგრამ ძირითადი შეკითხვა ასეთი რჩება: ჩვენ მრავალჯერ გავაკეთეთ მინიშნება, რომ 7 თვე გავიდა და სტრუქტურისგან არაფერი არ ჩანს, რას აკეთებს ეს სტრუქტურა და უეცრად, მყისიერად დანიშნეს, თუმცა არაფერი არ ხდება საქართველოში იმის მსგავსი, რომ შევწყვიტოთ ჩვენ ყოველგვარი მოღვაწეობა,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

5 ივნისს ჩატარებული სხდომის მთავარი განსახილველი საკითხები შიდა ქართლში ოკუპაციის ხაზის გადმოწევა და ოკუპირებულ და მიმდებარე ტერიტორიებზე შექმნილ ვითარება იყო. სხდომის წევრებმა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზეც იმსჯელეს.

 

უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები არიან პრემიერ–მინისტრი, საგარეო საქმეთა, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობს პარლამენტის თავმჯდომარე, ხოლო თავად საბჭოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი