ახალი ამბები

ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის მოთხოვნით რუსთაველზე აქცია გაიმართა {ფოტო/ვიდეო]

8 ივნისი, 2013 • • 1493
ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის მოთხოვნით რუსთაველზე აქცია გაიმართა {ფოტო/ვიდეო]

 

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, სახელმწიფომ ავღანეთიდან ჯარები გამოიყვანოს. აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც თვლის, რომ ჯარისკაცების  რაოდენობა უნდა შემცირდეს, თუმცა საქართველო ნატოს სამშვიდობო მისიაში უნდა დარჩეს. იყვნენ ის მოქალაქეებიც, ვისთვისაც ნებისმიერი სამხედრო გაერთიანება ბოროტებაა და მიაჩნიათ, რომ ტერორიზმს ომით ვერ დაამარცხებ. 

 

პროტესტერების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველომ ნატოსთან ინტეგრაცია ISAF -ის მისიაში მონაწილეობის გარეშე უნდა გააგრძელოს და ისინიც, ვისი აზრითაც საქართველომ ნატოზე უარი უნდა თქვას. 

 

დღევანდელი აქცია სოციალურ ქსელ  “ფეისბუქში”  6 ივნისს დაიგეგმა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში 7 ქართველი სამხედროს დაღუპვის შესახებ. 

 

ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2012 წლის ნოემბრის კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 71%–სთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, გახდეს ნატოს წევრი. სხვადასხვა საზოგადოებრივი აზრის კვლევებში ნატოსთან საქართველოს ინტეგრაციას მაღალი სამოქალაქო მხარდაჭერა აქვს. 

 

საქართველო ISAF-ის მისიაში ავღანეთში 2010 წლიდან მონაწილეობს და ამ პერიოდიდან დღემდე იქ 29 ჯარისკაცი დაიღუპა. ქართველი ჯარისკაცები ჰელმანდის პროვინციაში იმყოფებიან.

 

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ჯეიმს აპატურაის განცხადებით,  მისია 2014 წელს ნამდვილად დასრულდება. მანამდე კი ჯარები ეტაპობრივად დატოვებენ ავღანეთს:

 

“ახალი მისია ავღანეთში არ იქნება საბრძოლო, რაც ჯარისკაცებისთვის რისკს შეამცირებს, მაგრამ, როდესაც ავღანეთში მსახურობ, ძნელია რისკი და საფრთხე ბოლომდე გამოირიცხოს”– აღნიშნა მან. 

 

ავღანეთში სამშვიდობო მისიაში 50 ქვეყანა მონაწილეობს. კოალიციის ძალებს შორის ყველაზე მეტი მსხვერპლი აშშ-ის ძალებზე მოდის, საიდანაც 2001 წლიდან დღემდე 2235 ჯარისკაცია დაღუპული. ჰელმანდის პროვინციაში საქართველო სწორედ აშშ-ის ძალებთან ერთად მონაწილეობს მისიაში.

 

მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით აშშ-ის შემდეგ მოდის გაერთიანებული სამეფო, საიდანაც 444 ჯარისკაცია დაღუპული 2002 წლიდან დღემდე. 158 ჯარისკაცია დაღუპული კანადიდან, 86 – საფრანგეთიდან, 54 – გერმანიიდან, 47 – იტალიიდან, 43 – დანიიდან, 39 – ავსტრალიიდან, 36 – პოლონეთიდან, 34 – ესპანეთიდან და ამის შემდეგ მოდის საქართველო.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი