ახალი ამბები

TI: გაუგებარია, რატომ დართო ნება პროკურატურამ გელა ხვედელიძეს, დროებით დაეტოვებინა ქვეყანა

8 ივნისი, 2013 • • 1084
TI: გაუგებარია, რატომ დართო ნება პროკურატურამ გელა ხვედელიძეს, დროებით დაეტოვებინა ქვეყანა

“საქართველოს მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე საზღვარგარეთ იმყოფებოდა. 2013 წლის 15 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გელა ხვედელიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფა ედება.


სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, გირაო წარმოადგენს აღმკვეთი ღონისძიების სახეს, რომელიც გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, ან უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება. როგორც წესი, იმ პირებს, რომელთაც გირაო შეეფარდათ, ასევე ეზღუდებათ ქვეყნის ტერიტორიის დატოვება.


გელა ხვედელიძის მიერ ქვეყნის ტერიტორიის დატოვება ვერ ჩაითვლება გირაოს პირობების დარღვევად, თუ არსებობდა კომპეტენტური ორგანოების ნებართვა, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ჩნდება გარკვეული ეჭვები.

 

პროკურატურის წარმოამდგენლებმა გელა ხვედელიძის წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიების გამოყენება მოითხოვეს. აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალებოდა, ან არ გამოცხადდებოდა სასამართლოში, გაანადგურებდა საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, ან ჩაიდენდა ახალ დანაშაულს. გაუგებარია, თუ რატომ დართო ნება პროკურატურამ გელა ხვედელიძეს, დროებით დაეტოვებინა ქვეყანა მაშინ, როდესაც თავად მოითხოვა აღმკვეთი ღონისძიების გამოყენება. ამგვარი შემთხვევები სხვა მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებში არასდროს დაფიქსირებულა.

 

მოვუწოდებთ ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს, იყვნენ თანმიმდევრული საკუთარ საქმიანობაში; ნუ მიიღებენ იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომლებიც წარმოქმნის საფუძვლიან ეჭვებს იმის შესახებ, რომ ადგილი აქვს ზოგიერთი ბრალდებული პირისთვის კანონის შერჩევით გამოყენებას”- ნათქვამია განცხადებაში. 

 

არჩილ კბილაშვილმა გადაცემაში “აქცენტები” განაცხადა, რომ გელა ხვედელიძემ ქვეყანა ნებართვის შემდეგ დატოვა და ახლა საქართველოში იმყოფება.

 

“მას ჰქონდა ასეთი ნებართვა აღებული საგამოძიებო ორგანოდან, მან ამ ნებართვით ისარგებლა და ამჟამად საქართველოშია”– განაცხადა მთავარმა პროკურორმა. 

 

შს მინისტრის პირველი მოადგილე 12 მაისს დააკავეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ინტერნეტში განთავსებისა და გავრცელების გამო. გელა ხვედელიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას, შენახვას ან გავრცელებას იმის მიერ, ვისაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ საიდუმლოს დაცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების შეზღუდვა ან თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან  საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ასევე, სამ წლამდე ვადით ან უამისოდ.

 

 სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ  ხვედელიძეს 5000- ლარიანი გირაო შეუფარდა. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი