ახალი ამბები

აპატურაი: გავრცელებულ ვიდეოებთან დაკავშირებით ველოდებით დასკვნებს

8 ივნისი, 2013 • • 1124
აპატურაი: გავრცელებულ ვიდეოებთან დაკავშირებით ველოდებით დასკვნებს

“მინდა გითხრათ, რომ გენერალურმა მდივანმა მომხდარის შემდეგ ISAF–ის სარდლობას თხოვა ყველა ინფორმაციის გარკვევა, რაც ადგილზე ქართველი ჯარისკაცების უსაფრთხოებას უკავშირდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ინფორმაცია იმ ვიდეოების შესახებ, რომელიც ჯიჰადს ეხება და გავრცელდა ინტერნეტით, ჩვენ ამიტომაც გვსურს ვიცოდეთ სრულყოფილად რა არის სინამდვილეში, რა არის რეალური და რა არა. თუ ადგილზე გაზრდილია საფრთხე და რისკები ქართველი ჯარისკაცების მიმართ, ეს ინფორმაცია სრული ანალიზის შემდეგ მალევე გვეცოდინება. ველოდებით დასკვნებს, რა თქმა უნდა, ეს გაკეთდება საქართველოს მთავრობის ჩართულობით. მათთან მჭიდრო კავშირში ვართ. კიდევ ერთხელ ვამბობ, გვეცოდინება, რა არის რეალურად”– განაცხადა აპატურიამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას. 

 

მისივე თქმით, მისია 2014 წელს ნამდვილად დსრულდება. მანამდე კი ჯარები ეტაპობრივად დატოვებენ ავღანეთს:

 

” ახალი მისია ავღანეთში არ იქნება საბრძოლო, რაც ჯარისკაცებისთვის რისკს შეამცირებს, მაგრამ, როდესაც ავღანეთში მსაურობ, ძნელია რისკი და საფრთხე ბოლომდე გამოირიცხოს”– აღნიშნა მან. 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 7 ივნისს ნატოს გენერალურ მდივანს წერილი გაუგზავნა, სადაც იგი იმედოვნებს, რომ ორი ვიდეოს წარმოშობის დადგენაში ნატო საქართველოს დახმარებას გაუწევს:

 

“ჩვენ კვლავაც ერთგული ვრჩებით აისაფის მისიისა და ვიმედოვნებთ, რომ ნატო დაგვეხმარება ჩვენი ჯარისკაცების წინააღმდეგ ჩადენილი ტერორისტული აქტის გამოძიებაში. ასევე მადლობელი ვიქნებოდი, თუკი ნატო დაგვეხმარება იმ ორი ვიდეოს წარმოშობის დადგენაში, რომლებშიც თალიბები ქართულ შენაერთებს განადგურებით ემუქრებიან”, – ნათქვამია წერილში, რომელიც პრეზიზდენტმა ანდერს ფოგ რასმუსენს გაუგზავნა.

 

“თალიბების ჯიჰადი ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ, რომლებიც ავღანეთში იბრძვიან”, ამ სათაურით youtube-ზე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ მოკვლევა 6 ივნის, გავრცელების დღესვე დაიწყო. ამ პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროც. 

 

ვიდეოს ინგლისური ტექსტი გასდევს, რომელიც მუქარის შემცველ მოწოდებებს შეიცავს საქართველოს და პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ. ვიდეოში ნათქვამია, რომ ყველა ჯვაროსანი, ვინც თალიბების წინააღმდეგ გაილაშქრა, დაისაჯა და აუცილებლად დაისჯებიან ქართველებიც. ვიდეოში რამდენჯერმე ჩანს ქართული დროშა, ასევე ნაჩვენებია ავღანეთში მომხდარი აფეთქებები, რომლის დროსაც ქართველი ჯარისკაცები დაიღუპნენ. ჩანს ქართველი ჯარისკაცების ჩამოსვენების კადრები და ფოტოები, სადაც ქართველ ჯარისკაცებს სამხედრო ფორმა აცვიათ. ფოტოებს ჯარისკაცების სახელები და გვარებიც აწერია.

მასალების გადაბეჭდვის წესი