ახალი ამბები

შსს: ფარული ჩანაწერების განადგურებაში სამოქალაქო სექტორიც ჩაერთვება

7 ივნისი, 2013 •
შსს: ფარული ჩანაწერების განადგურებაში სამოქალაქო სექტორიც ჩაერთვება

ამ საკითხზე შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა დიპლომატებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ლევან იზორიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ შსს–მ აღნიშნული ჩანაწერების განადგურების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში მიიღო, დრევანდელი შეხვედრა კი ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა: პროცესში რა ფორმით უნდა ჩაერთოს სამოქალაქო სექტორი.

 

“ახლო მომავალში შეიქმნება კომისია, სადაც იქნებიან შს მინისტრი, მთავარი პროკურორი და პარიტეტის საფუძველზე შეირჩევიან საზოგადოების წარმომადგენლები, რათა მათი მონაწილეობით მოხდეს აღნშნული მასალების განადგურება და ეს მასალები საბოლოოდ ჩაბარდეს ბინძურ წარსულს. უახლოეს მომაავლში ეს კომისია შეუდგება მუშაობას. კომისიის მუშაობის შედეგად შედგება აქტი, სადაც აღრიცხული იქნება განადგურებული მასალების რაოდენობა”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

 

კომისიის შექმნას სკეპტიკურად უყურებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი, რომელიც შსს–ში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.

 

„სამწუხაროდ, მე პირადად მომეჩვენა, რომ  შსს–ს პოზიცია არის უფრო ჰუმანური და საზოგადოების ინტერესების გამომხატველი, ვიდრე რამდენიმე ჩემი კოლეგის პოზიცია, რომლებმაც მოულოდნელად განაცხადეს, რომ ეს მართლმსაჯულებისთვის უსარგებლო მასალები არ უნდა განადგურდეს. ეს მასალები უსარგებლოა, რამდენადაც მათი გამოყენება მართლმსაჯულებას არაფერს არ აძლევს, რადგან უკანონო გზით მოპოვბეულ მტკიცებულებას სასამართლოში არანაირი ძალა არა აქვს.

 

ამ კომისიის შექმნა მაგონებს ერთ გამონათქვამს, „თუ არ გინდა გადაწყვეტილების მიღება“, შექმენი კომისია იმიტომ, რომ ყოვლად უსარგებლო მასალები, რომლებსაც არანაირი ღირებულება არა აქვს, რად უნდა მსჯელობა, გავანადგუროთ თუ არ გავანადგუროთ? ამ კომისიის შექმნას აზრი არა აქვს. ეს აჭიანურებს ამ პროცესს და კიდევ რა შეიცვლება, არავინ არ იცის“, – განუცხადა ალეკო ცქიტიშვილმა „ნეტგაზეთს“. მისივე თქმით, ის მუხლები ამნისტირებულია, რომლის მიხედვითაც უნდა დაისაჯონ უკანონო ჩანაწერების ავტორები.

 

“მათ, ფაქტობრივად, დანაშაულს დავუმტკიცებთ, მაგრამ ვერ დავსჯით. ამ შემთხვევაში სასწორზე უნდა დავდოთ ორი ინტერესი: მსხვერპლის, რომლის ჩანაწერებიც არსებობს, და დამნაშავის. ამ შემთხვევაში მსხვერპლის ინტერესი უპირატესია, რადგან მათ შეიძლება კიდევ მიადგეთ ზიანი“, – მიიჩნევს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი.

 

ალეკო ცქიტიშვილის თქმით, შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს მტკიცებულებები შესაძლოა ღირებული იყოს ვიღაცისთვის, რადგან თუ დადგება იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც იღებდა, ეს საქმის მასალებს უნდა დაერთოს მტკიცებულებად. ცქიტიშვილის მოსაზრებით, ეს ალოგიკურია, რადგან შეიძლება შედგეს აქტი, რომ არსებობს უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებები, აღინიშნოს რაოდენობა და განადგურდეს ისე, როგორც წესია.

 

„მაგალითად, როგორც ანადგურებენ კონტრაბანდულ ხორცს, რომლის შენახავა კონტრაბანდის გამო ბრალდებულის გასამართლებამდე შეუძლებელია. სასამართლოს დასრულებამდე რომ შეინახონ, ხომ აყროლდება ასე ეს ხორცი? უკვე სუნი ასდის ამ მასალებს, იმდენად ბინძურ მასალებზეა საუბარი.

 

ამ მასალების შენახვა მაგონებს ამ კონტრაბანდული, დამპალი საქონლის შენახვას. ახლა რა კომისიასაც ქმნიან, რომელმაც რა უნდა შეისწავლოს,  კარგად ვერ გავიგე. კარგია, რომ საზოგადოების წარმომადგენლები იქნებიან ჩართული ამ კომისიის მუშაობაში და იმედი მაქვს, ისინი პრინციპულები იქნებიან ბოლომდე“, – ამბობს ალეკო ცქიტიშვილი.

 

წინასწარი ინფრომაციით, კომისიაში, სავარაუდოდ, იქნება 5 წევრი: შს მინისტრი, მთავარი პროკურორი, ომბუდსმენი და არასამთავრობო ორგანიზაციების 2 წარმომადგენელი. არასამთავრობოებმა დღევანდელ შეხვედრაზე უკვე წარადგინეს 4 კანდიდატი, რომელთაგან 2 შსს–მ უნდა შეარჩიოს. ესენი არიან: გაზეთ “რეზონანსის” რედაქტორი ლაშა ტუღუში, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელი ეკა გიგაური, პოლიტოლოგი კახი კახიშვილი და “საზოგადოებრივი ინიციატივების ცენტრის” ხელმძღვანელი ირაკლი ღლონტი.

 

უკანონო ფარული ჩანაწერების დაუყოვნებლივ განადგურების მომხრეა კომისიის წევრობის კანდიდატი ლაშა ტუღუში, რომელსაც იმედი აქვს, რომ აღნიშნული პროცესი დიდხანს არ გაიწელება და უახლოეს რამდენიმე დღეში დასრულდება.

 

უკანონო ჩანაწერების განადგურების აუცილებლობაზე ისაუბრა შსს–ში გამართული შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენელმა თომას ჰამერბერგმაც.

კადრი ფილმიდან სხვების ცხოვრება
კადრი ფილმიდან სხვების ცხოვრება

მასალების გადაბეჭდვის წესი