ახალი ამბები

აშშ-ის შემდეგ “იუნესკოს” ისრაელი ტოვებს

12 ოქტომბერი, 2017 • 2308
აშშ-ის შემდეგ “იუნესკოს” ისრაელი ტოვებს

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ორგანიზაცია “იუნესკოს” აშშ-ის შემდეგ ისრაელიც ტოვებს. გაეროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრუქტურას, რომელიც განათლებაზე, მეცნიერებასა და კულტურაზეა ორიენტირებული, ორივე სახელმწიფო “ანტიისრაელური პოლიტიკის” წარმოებაში ადანაშაულებს.

ისრაელის პრემირე-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გადაწყვეტილება “ტვიტერის” მიკრობლოგზე გაახმიანა და აღნიშნა, რომ ავალებს ქვეყნის საგარეო უწყებას, დაიწყოს “იუნესკოდან” გასვლის პროცედურა აშშ-ის პარალელურად. მისი თქმით, “აშშ-ის გადაწყვეტილება ეთიკური და გაბედულია, ვინაიდან “იუნესკო” აბსურდის მაპროვოცირებლად იქცა და ისტორიის მოფრთხილების მაგივრად, ამახინჯებს მას”.

მანამდე ორგანიზაციას ოფიციალური წერილით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიმართა და დატოვების გადაწყვეტილება ამცნო. შტატები აცხადებს, რომ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით განაგრძობს. გადაწყვეტილება ძალაში 2018 წლის 31 დეკემებერს შევა.

მომხდარის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ირინა ბოკოვამ. მისი თქმით, “გაეროს ოჯახისთვის” ეს დიდი დანაკარგია და ბოლო წლებში ორგანიზაციას “პროცესების პოლიტიზება” აზიანებს.

რა იგულისხმება “ანტიისრაელურ პოლიტიკაში”, არც ერთი ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ისრაელსა და “იუნესკოს” შორის დავის საგანი ბოლო დროს ორგანიზაციის მიერ მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილება გახდა. მათ შორისაა ამა წლის ივლისში მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჰერბონისთვის პალესტინის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება.

ორგანიზაცია “იუნესკო” 1945 წელს 37 ქვეყნის მიერ დაარსდა. მისი მიზანი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მშვიდობის შენარჩუნება იყო სახელმწიფოებს შორის მეცნიერებაში, კულტურასა და განათლების სფეროში თანამშრომლობით. დღესდღეობით მისი დაცვის ქვეშ ათასობით მატერიალური თუ არამატერიალური ძეგლი იმყოფება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი