ახალი ამბები

იურუდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

12 ოქტომბერი, 2017 • 1748
იურუდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. შენიშვნათა პაკეტი კომიტეტს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ წარუდგინა. “ქართული ოცნების” წარმომადგენლების თქმით, მათ ვერ მოისმინეს ვერც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რაც შენიშვნების მხარდაჭერისკენ უბიძგებდათ.

მმართველი გუნდის წარმომადგენლების გადაწყვეტილება ანა დოლიძემ სხდომის დასრულების შემდეგ შეაფასა. მისი თქმით, შენიშვნების სახით წარმოდგენილი 6 პუნქტი საქართველოს მოსახლეობის პოზიციას გამოხატავს.

,,ეს 6 პუნქტი, რომელიც წარმოდგენილია მოტივირებულ შენიშვნებში, განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან ეყრდნობა სრულიად პარტიულ კონსენსუსს, გარდა მმართველი პარტიისა. აქედან გამომდინარე, ის გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის პოზიციას და, რაც მთავარია, თვისობრივად ახალ სახეს სძენს კონსტიტუციას”, – აღნიშნა ანა დოლიძემ.
კომენტარს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მანამდე,იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პოლიტიკური ბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. ფრაქცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლები და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ერთმანეთს შეურაცხმყოფელ განცხადებებში სდებდნენ ბრალს.

კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე პლენარული სხდომა საკანონმდებლო ორგანოში ხვალ გაიმართება, სადაც დეპუტატები პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შესახებ იმსჯელებენ.

პრეზიდენტმა პარლამენტს 6 პუნქტისაგან შემდგარი მოტივირებული შენიშვნები რამდენიმე დღის წინ გაუგზავნა. დოკუმენტში ბლოკებისა და ბონუსების სისტემის, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსა და რელიგიურ აღმსარებლობასთან დაკავშირებული საკითხებია ასახული.

მასალების გადაბეჭდვის წესი