ახალი ამბები

საქართველოში მუდმივმოქმედი პოლონური არქეოლოგიური მისია იმუშავებს

11 ოქტომბერი, 2017 • 2623
საქართველოში მუდმივმოქმედი პოლონური არქეოლოგიური მისია იმუშავებს

2018 წლიდან ქუთაისში გაისხნება საქართველოში მუდმივმოქმედი პოლონური არქეოლოგიური მისია, რომელიც პირველ პროექტს კოლხური კულტურის ესწავლის მიზნით განახორციელებს.

პოლონეთი არის პირველი ქვეყანა, რომელიც მუდმივმოქმედი არქეოლოგიური მისიით იქნება წარმოდგენილი საქართველოში,

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ვარშავის უნივერსიტეტს შორის მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობას არქეოლოგიის სფეროში; სააგენტომ 2018 წელი პოლონური კულტურული მემკვიდრეობის წლად გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება პოლონური მემკვიდრეობის კვლევა საქართველოში, რაც მოიცავს არა მხოლოდ არქიტექტურულ მემკვიდრეობას, არამედ ზოგადად პოლონური ნაკვალევის კვლევას ქართულ კულტურაში.

პოლონეთის საელჩოს ცნობით, ხელშეკრულების ფარგლებში პოლონურ-ქართულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დაიწყო მუშაობა ქუთაისში ძველი კოლხური კულტურული არქეოლოგიური ლანდშაფტის შესწავლის მიზნით. პოლონური მხრიდან ექსპედიციის ხელმძღვანელია ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი რადოსლავ კარაშევიჩი, ხოლო საქართველოს მხრიდან ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი, დოქტორი როლანდ ისაკაძე. ექსპედიციაში ჩართული არიან დოქტორანტები და სტუდენტები ორივე ქვეყნიდან.

პოლონეთის საელჩოს შეფასებით, ძველი კოლხეთის კულტურა წარმოადგენს ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მოვლენას, რომლის კვლევაც პოლონეთისთვის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნისთვის, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ამოცანას ევროპული კულტურის ფესვების კვლევის კონტექსტში. აღნიშული კვლევები ხელს შეუწყობს ქართული კუტურის ღირსეულ ინტეგრაციას ევროპულ კულტურულ ლანდშაფტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი