სხდომაზე ბრალდების სამი მოწმე დაკითხეს. ესენი არიან შპს “ამირანის” დირექტორი ზურაბ გამეზარდაშვილი, ენერგო “პრო–ჯორჯიას” თანამშრომელი, მონტიორი გურამ კვატაშიძე და  “პრო–ჯორჯიას” იურისტი ტარიელ შვანგირაძე.

გურამ ჩალაგაშვილი
გურამ ჩალაგაშვილი

მოწმეებთან კითხვები ჰქონდა როგორც ბრალდებას, ასევე დაცვის მხარეს. კითხვები ძირითადად ისეთ ტექნიკურ საკითხს შეეხებოდა, როგორიცაა რესტორან “ამირანში” შუქის გათიშვის ტექნიკური პროცესი, კერძოდ, შეიძლებოდა თუ არა “ამირანში” დენი რესტორნის კუთვნილ ტერიტორიაზე მდებარე ელექტრომოწყობილობიდან გაეთიშათ, თუ აუცილებელი იყო ელექტროენერგიის ცენტრალური ფიდერიდან გათიშვა, რაც სხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის შუქის გათიშვასაც გამოიწვევდა.

აღნიშნულ შეკითხვასთან დაკავშირებით მოწმე ზურაბ გამეზარდაშვილმა განაცხადა, რომ მაღალი ძაბვის დენის გათიშვა როგორც რესტორნის ტერიტორიაზე მდებარე ფიდერიდან, ასევე ცენტრალური ფიდერიდანაა შესაძლებელი. მოწმის პასუხის შემდეგ პროკურორი მას შეეკამათა და ხმას აუწია. გურამ ჩალაგაშვილი მიიჩნევს, რომ პროკურორის წყრომა იმან გამოიწვია, რომ მოწმემ წინასწარ შეთანხმებული ჩვენება არ მისცა:

“მთავარმა მოწმემ, იურისტმა, განიცადა ფიასკო, მან შეცდომით, უკუღმა მოყვა ყველაფერი ის, რაზეც დარიგებული იყო, ჩვენება რომელიც წინასწარ შეთანხმებული ჰქონდა. მან აღიარა, რომ მე არ ვარ უშუალოდ მისი ხელმძღვანელი და ამ ადამიანმა ამ ჩვენების გამო საკმაოდ დიდი წყრომა დაიმსახურა პროკურორის მხრიდან. ეს ყველაფერი აბსურდია”, – განაცხადა ჩალაგაშვილმა.

გურამ ჩალაგაშვილის ადვოკატი თეიმურაზ მესხი აცხადებს, რომ ბრალდება აბსურდულია:

 

არის საუბარი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე და ეს შესაძლებელია, როდესაც შენ ხარ ზემდგომი, ან ვინმე შენზე დამოკიდებულია. მოგეხსენებათ, რომ გურამ ჩალაგაშვილი არის სემეკის თავმჯდომარე, ეს ცალკე ორგანიზაციაა, ხოლო “ენერგო–პრო ჯორჯია” ცალკე ორგანიზაციაა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ვერ გადაამეტებდა სამსახურეობრივ უფლებამოსილებას სხვა სამსახურთან მიმართებაში, ამიტომ ეს არის პირველი აბსურდი. მეორე აბსურდი არის ის, რომ ბრალდების მხარემ დღეს მოიყვანა თავისი მოწმეები, რომლებმაც ცალსახად განაცხადეს, რომ გურამ ჩალაგაშვილი არ არის მათი უფროსი”, – განაცხადა თეიმურაზ მესხმა.

 

მომდევნო სასამართლო სხდომა 19 ივნისს ჩაინიშნა, სხდომაზე კვლავ ბრალდების მოწმეები დაიკითხებიან.

საქმე ეხება საახალწლო პერიოდში მომხდარ ფაქტს, რომლის დროსაც, ბრალდების მხარის მტკიცებით, რესტორან “ამირანში” მყოფმა გურამ ჩალაგაშვილმა “ენერგო–პრო ჯორჯიას” წარმომადგენელს უთხრა, გაეთიშა ელექტროენერგია და ქუთაისი ჩაებნელებინა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *