ახალი ამბები

“თავისუფალი ზონის” წევრებს 100-100 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს

6 ივნისი, 2013 • 914
“თავისუფალი ზონის” წევრებს 100-100 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს

ისინი 5 ივნისს წვრილმანი ხულიგნობის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი) ბრალდებით დააკავეს  პროფკავშირების სახლთან, სადაც ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა, ხოლო “კლუბ თავისუფალი ზონის” ორგანიზაებით საპროტესტო აქცია იმართებოდა. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, ისინი აპროტესტებდნენ ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებას და აცხადებდნენ, რომ მერაბიშვილი ივანიშვილის პირადი პატიმარია.

 

ერთ-ერთმა აქტივისტმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეაგინა, რის შემდეგაც ის პოლიციამ დააკავა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი გულისხმობს “საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარ მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს” და ამ მუხლის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 100 ლარის ოდენობით, ან – თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული – ადმინისტრაციული პატიმრობა 90 დღემდე ვადით.

 

ორგანიზაცია “კლუბი თავისუფალი ზონა” 2013 წლის 21 მაისს დაფუძნდა, სწორედ იმ დღეს, როდესაც დააკავეს ვანო მერაბიშვილი. ორგანიზაციას სამი დამფუძნებელი ჰყავს, მათ შორის არის ყოფილი პარლამენტარი და “ნაციონალური მოძრაობის” წევრი კობა ხაბაზი.

მასალების გადაბეჭდვის წესი