ახალი ამბები

ხატები და ეპისტოლეები სკოლაში – 30 თეთრად

6 ივნისი, 2013 •
ხატები და ეპისტოლეები სკოლაში – 30 თეთრად

თბილისის მე-20 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ, დავით ოსეფაშვილმა დღეს, 6 ივნისს, “ნეტგაზეთს” 200-კაციანი სია აჩვენა იმ ადამიანებისა, რომლებმაც სკოლაში გუშინ შეტანილი რელიგიური მასალა შეიძინა – “პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე” და ლიფლეტი, რომელზეც დაბეჭდილი ლოცვა, ასევე, დატანილია კითხვარი, სადაც შემძენი უთითებს სახელს, გვარს და მამის სახელს.

ლოცვა, შესავსები გრაფებით, რომელიც სკოლაში გასაყიდად შეიტანეს
ლოცვა, შესავსები გრაფებით, რომელიც სკოლაში გასაყიდად შეიტანეს

სკოლის დირექციაში ირწმუნებიან, რომ ამ სიაში მხოლოდ პედაგოგები და მათი ოჯახის წევრები ირიცხებიან და არ არის არც ერთი მოსწავლე. თუმცა სკოლის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ 5 ივნისს თავად ნახა მოსწავლეები სკოლაში, რომელთაც ხელში აღნიშნული ბეჭდური მასალა ეკავათ და ამის შესახებ განათლების სამინისტროს ერთ-ერთ დეპარტამენტს აცნობა. თუმცა სკოლაში ჩვენ მიერ გამოკითხული მოსწავლეები ამ ფაქტს არ ადასტურებენ.

 

სკოლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ რელიგიური პროდუქცია მათ სკოლაში ჟურნალ “ქაროზის” რედაქტორმა მიიტანა. მსურველებს ამ მასალების შესაძენად 30-30 თეთრი უნდა გადაეხადათ. პედაგოგები აცხადებენ, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც ნაბეჭდი პროდუქცია შეიძინეს და საკუთარი სახელები და გვარები მიუთითეს, საპატრიარქოში, ლოცვებში მოიხსენიებენ. პედაგოგები ამბობენ, რომ ამის გამო თითოეულმა მათგანმა რამდენიმე ასეთი მასალა შეიძინა საკუთარი ოჯახის წევრებისა და ახლობლების სახელზე. მათი თქმით, მასალა არ აღმოჩნდა ყველა პედაგოგისთვისაც კი საკმარისი და ამითაც ასაბუთებენ, რომ მოსწავლეებისთვის ისინი არ მიუყიდიათ.

 

“გული დამწყდა, რომ არ ვიყავი სკოლაში გუშინ და მე არ შემხვდა,”- ამბობს  სკოლის ერთ-ერთი პედაგოგი.

 

მე-20 სკოლის მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ სკოლაში რელიგიური მასალის რეალიზაციით სკოლის შიდაგანაწესი არ დაურღვევიათ, ვინადაინ მასალების გავრცელება მხოლოდ მასწავლებლებს შორის მოხდა. 

 

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გუშინ თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლაში, მათ შორის, მე-20 სკოლაში, მოსწავლეებზე გაიყიდა რელიგიური შინაარსის ბეჭდური მასალა, გუშინ “ფეისბუქით” გავრცელდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გავრცელებული ინფორმაციაზე მოკვლევა დაიწყო. როგორც მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, აღნიშნული ინფორმაციის შესახებ სამინისტროში უკვე იციან და დაიწყება მოკვლევა, დაირღვა თუ არა კანონი “ზოგადი განათლების შესახებ”, კერძოდ, იმ მუხლების, სადაც სკოლებში რელიგიურ პროპაგანდის დაუშვებლობაზეა საუბარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი