კონფერენცია დღეს, 5 ივნისს, გახსნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ბიოლის ფონდისა და სხვა დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების წვლილზე ქვეყნის განვითარების საქმეში.
“საქართველოში ბევრი ორგანიზაცია მოქმედებს, ბევრი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს და, რა თქმა უნდა, ჩვენ, ქართველები, საქართველოს საზოგადოება და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები მადლობელი ვართ იმ წვლილისთვის, რაც ამ ორგანიზაციებმა შეიტანეს ამ ქვეყნებში დემოკრატიის განვითარებისთვის, ევროპული ღირებულებების დამკვიდრებისა და ჩვენთან ერთად პოსტკომუნიზმის დაძლევის მცდელობაში. რა თქმა უნდა, ყველა ამ ორგანიზაციას თავისი გამორჩეული ადგილი უკავია, მაგრამ ძალიან სასიხარულოა, რომ ბიოლის ფონდმა ამ კონკურენტულ გარემოში საკმაოდ ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მანვე გაიხსნა ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებული დისკუსიები.
“მე მახსენდება თქვენი დისკუსიები დახურულ კარს მიღმა იმ წლებსა და იმ ვითარებაში, როცა უკიდურესად დაძაბული იყო ვითარება საქართველოში, მაღალი იყო პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა, “რუსთავი 2″–სა და სხვა ტელევიზიების შოუებში ოპონენტებს შორის თითქმის სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლა იმართებოდა. თქვენი ინიციატივით ხერხდებოდა ის, რომ ეს ადამიანები სხვა გარემოში მშვიდად და საქმიანად ახერხებდნენ დებატებს. ეს დიდად უწყობდა ხელს არა მხოლოდ იმ კონკრეტული საკითხის გააზრებას და გადაწყვეტას, არამედ ქვეყანში საერთო, პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებას”, – თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ბიოლის ფონდის მოღვაწეობა შემდეგი 10 წლის განმავლობაშიც ისეთივე ნაყოფიერი იქნება, როგორც ეს დაფუძნებიდან დღემდე იყო.
“ნეტგაზეთმა” განვლილი 10 წლისა და ფონდის საქმიანობის მნიშვნელობის შეფასება თხოვა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს დირექტორს ნინო ლეჟავას, რომელმაც განგვიცხადა:
“ცოტა ძნელია 10 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების ჩამოთვლა, თუმცა, ერთი მხრივ, არის სამი პრიორიტეტული პროგრამული მიმართულება, რომელიც წლების განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა ძირითადი კონტექსტი უცვლელი რჩებოდა. ეს მიმართულებებია: დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის ხელშეწყობა, კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაცია და ევროპისა და კავკასიის დიალოგი. ევროპისა და კავკასიის დიალოგის პროგრამა არის ხელშემწყობი პროგრამა პირველი ორი დასახელებული პროგრამისა. დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის ხელშეყობა ჩვენთვის, როგორც მწვანე პოლიტიკური ფონდისთვის, გულისხმობს იმას, რომ ქართულ საზოგადოებას შევთავაზოთ რესურსები დემოკრატიული შესაძლებლობების გამოსაყენებლად. ეს არის სწავლება და ისეთი სასწავლო კურსების განვითარება პოლიტიკოსებისთვის ეკოლოგიისა და მდგრადი განვითარების შესახებ, საჯარო დებატები, რომელიც უკვე 9 წელია მიმდინარეობს თბილისში და ამჟამად უკვე ბათუმსა და ქუთაისშიც. შესაბამისად, ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ კვალიფიციურ დისკუსიას და, მეორე მხრივ, რეალურად ვასწავლით, როგორ უნდა იწარმოებოდეს დემოკრატიული დისკუსია. დემოკრატიული დისკუსია და დამოუკიდებელი სივრცე, ასევე ინფორმაციის თავისუფლება, დემოკრატიის მნიშვნელოვანი ფაქტორია”.
ნინო ლეჟავა ამბობს, რომ ფონდი უახლოეს პერიოდში თავისი გეგმებისა და სტრატეგიის შეცვლას რადიკალურად არ აპირებს და სტაბილურად, თანმიმდევრულად გააგრძელებს იმ თემებზე მუშაობას, რაზეც აქამდე მუშაობდა, იქნება ეს საბჭოთა წარსულის გააზრება, საჯარო დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, სტიპენდიები ახალგაზრდა მეცნიერებისათვის სოციალური მეცნიერებების სფეროში და ა.შ. გარდა ამისა, ფონდი გააღრმავებს მუშაობას ფემინიზმისა და გენდერული თანასწორობის კუთხით.
მედიამკვლევარი ნინო დანელია ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებული არაერთი დისკუსიის მონაწილე ყოფილა. მან “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში ისაუბრა ფონდის საქმიანობასა და მის მნიშვნელობაზე:
“მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი, ვისაც შეხება ქონია ბიოლის ფონდთან, როგორც ფონდის სტიპენდიანტს, დისკუსიის მონაწილეს, მომხსენებელს ან მსმენელს, თანხმდებიან იმაზე, რომ ფონდს ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა საქართველოს ბოლო 10–წლიანი განვითარების პერიდოში იმ მხრივ, რომ მან შექმნა თავისუფალი სადისკუსიო სივრცე, სადაც შესაძლებელი იყო ნებისმიერ თემაზე ნებისმიერი იდეოლოგიის, პოლიტიკური შეხედულების თუ გარკვეული წინასწარგანწყობის მქონე ადამიანი მისულიყო და ღიად გამოეხატა საკუთარი აზრი. ეს იყო ერთ–ერთი იშვიათი საერთაშორისო ფონდებისგან, რომელიც ძალიან ახლოს იყო თავად ქართული საზოგადოების განვითარებასთან და თემები, რომელიც ფონდში იყო დისკუსიის საგანი, ან ის პრიორიტეტები, რასაც ფონდი აცხადებდა საკუთარი სტიპენდიანტებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორედ სამოქალაქო სფეროს განვითარებისთვის საქართველოში. იმ დროს, როდესაც მედია იყო საკმაოდ მონოპოლიზებული, ხშირად იყო ტაბუირებული თემები, ეს ფონდი იყო ერთ–ერთი საუკეთესო გამონაკლისი, რომელიც ცდილობდა ეპოვა პასუხი ჩვენის საზოგადოებისთვის რთულ კითხვებზე. მეორე საქმეა, რამდენად აწვდენდა ხმას ის საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ იყო რეგიონული დისკუსიები იმიტომ, რომ ქართული მედიისთვის ეს ნაკლებად საინტერესო იყო, ფონდში მომხდარი განხილვები რჩებოდა მხოლოდ იქ დამსწრე საზოგადოებას შორის. თუმცა, ამ მხრივ, ფონდი იყო ერთ–ერთი ინოვატორი. ის იყო ერთ–ერთი პირველი, რომელმაც გააკეთა ლაივსტრიმი დისკუსიებიდან და ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეეძლო ედევნებინა ცოცხალ რეჟიმში თვალყური.
ნინო დანელია მიიჩნევს, რომ სამომავლოდ მნიშვნლეოვანი იქნება ფონდის მიერ პუბლიკაციების გამოცემის გაგრძელება, გარკვეული მედიაკამპანიის დაგეგმვა იმისათვის, რომ მედიაში ახალ ამბად მოხდეს ის თემები და საკითხები, რაზეც ბიოლის ფონდი მუშაობს და გაძლიერდეს რეგიონებში მუშაობა, რათა უფრო მეტ ადამიანს, უფრო მეტ ახალგაზრდას მიაწვდინოს ფონდმა ხმა.