ახალი ამბები

ქუთაისის ციხეში ზუგდიდელი პატიმრები 4 დღეა შიმშილობენ

5 ივნისი, 2013 •
ქუთაისის ციხეში ზუგდიდელი პატიმრები 4 დღეა შიმშილობენ

ზუგდიდის ციხიდან ქუთაისის ციხეში გადმოყვანილი სამი პატიმარი, გიგა ინალიშვილი, დიმიტრი თოლორაია და ლევან ეჯიბია, მეოთხე დღეა შიმშილობს. მირცხულავას თქმით, ეჯიბიას და ინალიშვილს ბრალი ერთ საქმეზე წაუყენეს, ხოლო თოლორაია მისი დაცვის ქვეშ არ იმყოფება. 

მერაბ მირცხულავა
მერაბ მირცხულავა

“როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებმა მითხრეს, ისინი ქუთაისში დააკავეს. დაკავებისას მათთან ერთად მანქანაში ორი ქუთაისელი, მაისურაძე მერაბი და ბაქარ ივანეიშვილი იმყოფებოდნენ. როგორც ინალიშვილმა მითხრა, პოლიციის მანქანაში მის წინ აბაშის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე როსტობაია დაუჯდა, სახეში დიდ გასაღებს ურტყამდა და მოითხოვდა, რომ ყაჩაღობა, რომელიც სენაკში მოხდა, ეღიარებინა. მას შემდეგ, რაც ინალეიშვილმა უთხრა, რომ მას არავითარი ყაჩაღობა არ ჩაუდენია, როსტობაიამ უპასუხა, რომ პოლიციას ამ ყაჩაღობის გახსნაში დახმარებოდა და რომ ასეთ შემთხვევაში მათი საქმიდან ნარკოტიკი გაქრებოდა. ეს ნარკოტიკი ადგილზე მაჩვენა პაკეტითო.”

როგორც ადვოკატი აცხადებს, სასამართლოს სხდომაზე, რომელიც ზუგდიდში გაიმართა, ყაჩაღობაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა:

“საქმე 260-ე მუხლით აღიძრა. თუმცა ჩვენი მოწმეები, ის ორი ქუთაისელი, რომელიც ჩხრეკის პროცესს ესწრებოდნენ, არ ადასტურებენ, რომ ბრალდებულებს წინდიდან ნარკოტიკი ამოუღეს. ეს ორი ბიჭიც დაკავებული იყო, ნარკოლოგიურში წაიყვანეს და მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სისხლში არაფერი ჰქონდათ, გამოუშვეს. ხოლო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.”

მირცხულავას თქმით, პოლიციის ოქმში წერია, რომ “არსებობს ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ინალიშვილი ნარკოტიკების შეძენა- შენახვას ახდენს, რის გამოც დააკავეს, თუმცა პოლიცია არ დაინტერესებულა, ვისგან მოხდა ამ ნარკოტიკის შეძენა, ვერც დაინტერესდებოდა, იმიტომ, რომ სინამდვილეში ნარკოტიკი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს არ შეუძენიათ.”

მირცხულავა ასევე აცხადებს, რომ ბრალდებულების ოჯახის წევრებზე ზეწოლაა:

“რამდენიმე დღის წინ ეჯიბიას ოჯახში შეაგდეს ანონიმურ წერილი, რომელშიც ნათქვმი იყო, რომ თუ ისინი ბრალს არ აღიარებენ, იგივე ელოდებათ, რაც გეგუთის ციხეში მოხდა. გარდა ამისა, ინალიშვილის მეუღლეს უცნობი მანქანები დაყვებიან. როცა სამსახურშია, იქვე იცდიან, როცა გამოდის, სახლში მიყვებიან. მან მიმართა პროკურატურას განცხადებით და მანქანის ნომრებიც ჩააწერინა, თუმცა ჯერ რეაგირება არ მომხდარა.”

პატიმრები ოჯახის წევრებზე ზეწოლის შეწყვეტის და უკან, ზუგდიდში გადაყვანის გარდა პოლიციელების დასჯასაც მოითხოვენ:

“სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის გიგა ზესაშვილის, აბაშის რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილის ირაკლი როსტობაიას და სენაკის რაიონული განყოფილების მოადგილის ბათუ გაბუნიას და სხვა პოლიციელების დაჯას მოითხოვენ, რომლებმაც ჩაატარეს  დაკავების ოპერაცია და ამჟამად მოწმეებად არიან წარმოდგენილი.”

დღეს, 5 ივნისს, გამთენიისას ეჯიბიას მამიდამ ციხესთან თავის დაწვა სცადა, თუმცა პოლიციამ მას ცეცხლის წაკიდების საშუალება არ მისცა. უკვე დილით მან და ეჯიბიას დეიდაშვილმა ციხესთან ხელები ხეზე მიიჭედეს. ოჯახის წევრების განცხადებით, თუ პატიმრებს ზუგდიდში არ გადაიყვანენ, ისინიც შიმშილს დაიწყებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი