ახალი ამბები

ხადური: არაალკოჰოლურ სასმელებზე მარკირება შემოღებული არ არის

5 ივნისი, 2013 • • 1434
ხადური: არაალკოჰოლურ სასმელებზე მარკირება შემოღებული არ არის

მისი თქმით, უწყება აქტიურად მუშაობს, რათა არაალკოჰოლურ სასმელებზე მარკირებით ბისზნესი არ დაზარალდეს და აღნიშნულ პროდუქციაზე ფასი არ გაიზარდოს.

 

ხადურის განცახდებით, “ოქროს შუალედის პოვნის” მიზნით არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს ინტენსიურად ხვდება.

 

წყალი
წყალი

“არაალკოჰოლურ სასმელებზე მარკირება შემოღებული არ არის. კანონით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა შარშან მიიღო, ფინანსთა მინისტრმა ელექტრონული მარკირების წესი განსაზღვრა და დღეს ელექტრონული მარკირება მიმდინარეობს, მაგალითად, ლუდზე. ამავე დროს, ფინანსთა მინისტრს მიეცა უფლება განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომელიც ასევე უნდა დაექვემდებაროს ელექტრონულ მარკირებას, თუმცა ასეთი ბრძანება ფინასთა მინისტრს არც 25 ოქტომბრამდე და არც მის შემდეგ არ გამოუცია. შესაბამისად, მისი გაუქმების საჭიროება არ დგას, თუმცა ჩვენ სერიოზულად ვსწავლობთ ამ თემას, რადგან მარტივი თემა არ არის”, – განაცხადა ხადურმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობისას მთავრობას თავისი არგუმენტები და ამოცანები აქვს. 

“ორჯერ შევხვდი უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლებს, მათ შორის მომავალ კვირას კიდევ ვგეგმავ მათთან შეხვედრას იმისთვის, რათა მინიმუმ სამი ამოცანა შევასრულოთ: პირველი – ჩვენ არ უნდა დავუშვათ ბაზარზე აღურიცხავი საქონლის მოქმედება და მარკირება სწორედ ამას ემსახურება. მეორე – არ უნდა შევქმნათ დამატებითი ბარიერები ბიზნესისთვის და მესამე – ეს არ უნდა გახდეს საქონლის გაძვირების საფუძველი. ჩვენ ყველა ამ მიმართულებოთ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ გამოსავალს ვიპოვით. გვაქვს კონსულტაციები ყველა მხარესთან, რომ ოქროს შუალედი ვიპოვოთ”, – აღნიშნა ხადურმა.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აქციზურ საქონელზე მონიტორინგს ამკაცრებს. ეს უწყება აქციზური მარკების მართვის ელექტრონულ სისტემას ნერგავს. შესაბამის აპარატურას შემოსავლების სამსახურს ტენდერში გამარჯვებული შვეიცარიული კომპანია “SICPA Security Solutions SA” მიაწვდის.

 

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მარკირების ახალი სისტემის დანერგვით შესაძლებელი ხდება აქციზურ და არააქციზურ საქონელზე ქაღალდური და უშუალო მარკირების განხორციელება; მონაცემთა მართვის ერთიანი ცენტრალიზებული სისტემის შექმნა; ადგილობრივი და იმპორტირებული პროდუქციის მარკირების შესახებ ინფორმაციის რეალურ დროში ფლობა; სამომხმარებლო ბაზარზე მარკირებული საქონლის მოძრაობის კონტროლი, მონიტორინგი; ადგილობრივ საწარმოებში საწარმოო წუნის აღრიცხვა–შემცირება; მომხმარებლის დაცვა ფალსიფიცირებული საქონლის მოხმარებისგან.

 

შვეიცარიული კომპანიის მიერ შემოთავაზებული სისტემით, პროდუქციაზე მარკირების განხორციელება შესაძლებელია სპეციალური უნიკალური დამცავი კოდის მეშვეობით, რომელიც დაიტანება მარკაზე ან უშუალოდ საქონელზე. საწარმოო ხაზზე პროდუქციის მოძრაობას აკონტროლებს კომპანიის მიერ წარმოებული აპარატები, რომელთა საშუალებითაც ხდება პროდუქციის ამოცნობა, მარკირება, დატანილი მარკის ხარისხის კონტროლი და მარკის უნიკალური კოდის ბაზაში აქტივაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი