ახალი ამბები

ივანიშვილი უშიშროების საბჭოს სხდომას არ დაესწრება

5 ივნისი, 2013 • 1016
ივანიშვილი უშიშროების საბჭოს სხდომას არ დაესწრება

მისი თქმით, დღევანდელი დღის გრაფიკი მას უკვე გაწერილი აქვს და ამის გამო, “საუბედუროდ”, ვერ მოახერხებს უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობას:

 

„უშიშროების საბჭოზე, საუბედუროდ, ვერ მივდივარ. მიზეზი მარტივია ძალიან. გუშინ, 7 საათის შემდეგ, თათბირზე შემომიტანეს სასწრაფო განცხადება, რომ იკრიბებიან დღეს. მე როგორც ვიცი, ქვეყანაში არაფერი არ მომხდარა გუშინ განსაკუთრებული და არც – გუშინწინ. თუ ბოლო მოვლენებს გავითვალიწინებთ, არაფერი სიახლე არ იყო. მე ჩემი გრაფიკი მქონდა გაწერილი და არ ჩანს იმის აუცილებლობა, რატომ ერთ დღეში ნიშნავენ და მეორე დღეს რამდენიმე საათის წინ გაცნობებენ შეკრების შესახებ მაშინ, როდესაც 7 თვეა არ იკრიბებიან. ეს სტრუქტურა ღებულობს ხელფასებს ბიუჯეტიდან და გაუგებარია, ამდენ ხანს რატომ ვერ ახერხებდნენ შეკრებას. ჩვეულებრივი სტილია წინა ხელისუფლების: ჯერ არაფერს არ აკეთებენ, მერე სასწრაფოდ მოისურვეს და რამდენიმე საათის წინ შეგვატყობინეს ამის შესახებ. შესაბამისად, მე არ ვთვლი აუცილებლად, რომ დავარღვიო ჩემი გრაფიკი, მე მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები და მინდა, რომ გავაგრძელო, თუმცა გუნდის წევრებიდან ძალიან ბევრი არის. მე როგორც ვიცი, უსუფაშვილსაც აქვს საშუალება და დაესწრება, მაგრამ ძირითადი შეკითხვა ასეთი რჩება: ჩვენ მრავალჯერ გავაკეთეთ მინიშნება, რომ 7 თვე გავიდა და სტრუქტურისგან არაფერი არ ჩანს, რას აკეთებს ეს სტრუქტურა და უეცრად, მყისიერად დანიშნეს, თუმცა არაფერი არ ხდება საქართველოში იმის მსგავსი, რომ შევწყვიტოთ ჩვენ ყოველგვარი მოღვაწეობა,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები არიან პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, ასევე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობს პარლამენტის თავმჯდომარე, ხოლო თავად საბჭოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს.

 

ამ დროისთვის ცნობილია, რომ სხდომაში მთავრობიდან მონაწილეობას მიიღებს ფინანსთა მინისტრი, ასევე – პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აშშ-ში იმყოფება, ხოლო თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია – ბრიუსელში, რის გამოც ისინი დღევანდელ სხდომაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა გუშინ უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბარში განმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოადგილეებს.

 

საბჭოს დღევანდელ სხდომაში, რომელიც გუშინ პრეზიდენტმა მოიწვია, მონაწილეობას არ მიიღებს პრემიერ-მინისტრი, ხოლო შსს-ს პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ, მიიღებს თუ ღარიბაშილი სხდომაში მონაწილეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი