ახალი ამბები

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მერად არჩევის შემთხვევაში თბილისს სამი ვიცემერი ეყოლება

9 ოქტომბერი, 2017 • 2056
ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მერად არჩევის შემთხვევაში თბილისს სამი ვიცემერი ეყოლება

“ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ მისი მერად არჩევის შემთხვევაში მხოლოდ სამი ვიცემერი ეყოლება.

“თბილისის მერს ეყოლება მხოლოდ სამი ვიცემერი, ეს ვიცემერები იქნებიან გადანაწილებული თბილისის ტერიტორიული ერთეულების მიხედვით- თბილისის მარჯვენა სანაპირო, თბილისის მარცხენა სანაპირო და ძველი თბილისი”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

უდუმაშვილის განცხადებით, ძველი თბილისის ვიცემერი იქნება ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის თანამდებობა ეკავა.

ვაჩეიშვილის განცხადებით, ძველ თბილისში უნდა დაიწიოს ყველა გადასახადმა და მუნიციპალიტეტი ჩაერთოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღგენასა და ინვესტორთან ურთიერთობაში.

მარცხენა სანაპიროს ვიცემერი, უდუმაშვილის თქმით, იქნება ზაზა ბიბილაშვილი. ბიბილაშვილის თქმით, იგი ახლოს იცნობს პრობლემებს, რომლებიც მარცხენა სანაპიროზეა.  მისი ამოცანა იქნება, რომ მარცხენა სანაპირო თავისი პოტენციალის გამოყენებით პრესტიჟულ უბნად გადაიქცეს.

მარჯვენა სანააპიროს ვიცემერად დაასახელეს ხატია დეკანოიძე. დეკანოიძის თქმით, მერიაში მომუშავე მენჯერების მიდგომა უნდა შეიცვალოს და მოქალაქეებთან უბრალო დამოკიდებულება ჰქონდეს. იგი ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება პირველ რიგში ანგარიშვალდებულია მოსახლეობასთან.

“ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური გუნდი, რომელიც თბილისის მერიაში დაიწყებს მუშაობას”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, მერად არჩევის შემთხვევაში თბილისში არსებულ გამგეობებს გააუქმებს და მათ ნაცვლად შექმნის სერვისცენტრებს, რომლებიც ადგილზე მოემსახურებიან მოქალაქეებს ერთი ფანჯრის პრინციპით და მოქალაქეებს არ მოუწევთ მერიაში სიარული.

მასალების გადაბეჭდვის წესი