ახალი ამბები

ეთნიკური უმცირესობები, შესაძლოა, უფასო სახელმძღვანელოების გარეშე დარჩნენ

5 ივნისი, 2013 • 1039
ეთნიკური უმცირესობები, შესაძლოა, უფასო სახელმძღვანელოების გარეშე დარჩნენ

შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ ახალი სასწავლო წლიდან აზერბაიჯანული, სომხური და რუსულენოვანი სკოლების მოსწავლეები, ქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისგან განსხვავებით, უფასო წიგნების გარეშე დარჩნენ. 

 

გამომცემლობების წარმომადგენლები აცახადებენ, რომ არაქართულენოვანი სკოლების სახელმძღვანელოების ბეჭდვასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, ვიდრე  ქართულენოვანი წიგნების შემთხვევაში.


როგორც მათგან ირკვევა, არაქართულენოვანი სკოლების სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით ხელშეკრულებაში გამომცემლობებსა და სამინისტროს შორის წერია, რომ გამომცემლობებს შეუძლია მათი თარგმნა. 


“აბსოლუტურად გამომცემლობებს ეკუთვნის ყველა საავტორო უფლება, თარგმანის ჩათვლით ყველაფერი გამომცემლობების გაკეთებულია,”- ამბობს გამომცემლობა “ინტელექტის” ხელმძღვანელი, კახა კუდავა.


არაქართულენოვანი სკოლების სახელმძღვანელოები ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს, 1-6 და 7-12 კლასების სახელმძღვანელოებად. საქმე იმაშია, რომ 7-12 კლასებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოებისთვის საჭირო სასწავლო მასალები ამ დრომდე განათლების სამინისტროს არ გააჩნია და გამომცემლობებში რჩება. 


“ამ დისკებს სასწავლო მასალებით არ ჩავაბარებთ. ამჟამად მიდის ჩვენზე ზეწოლა, რომ მივცეთ,”- ამბობს “ინტელექტის” ხელმძღვანელი. 

 

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე საუბარი სამინისტროსთან ჯერ კიდევ თებერვლის თვეში ჰქონდათ. კუდავა ამბობს, რომ მაშინ განათლების სამინისტროს ჰქონდა მოლოდინი, რომ “თუ ქართულენოვანი წიგნების ბეჭდვის შესაძლებლობას წაგვართმევდა, არაქართულენოვანსაც უფრო ადვილად დაგვათმობინებდა.”

 

“ამასთან დაკავშირებით სამინისტროდან ჩვენც დაგვიკავშირდნენ არფორმალურად. ზოგადად, ასეთ სტილი აქვთ – არაფორმალური. ჩვენ უკვე არ ვენდობით მათ, ვეუბნებით, რომ მოგვიწვიეთ ოფიციალურად. იქამდეც გვეუბნებოდნენ, ეს სახელმღვანელოები თქვენვე დაბეჭდეთო,”- ამბობს ლაშა ბერაია, გამომცემლობა “ლოგოს პრესის” ხელმძღვანელი. 

 

7-12 კლასის სახელმძღვანელოებისგან განსხვავებით, 1-6 კლასის წიგნების დაბეჭდვას, გამომცემლობების ინფორმაციით, განათლების სამინისტრო გამომცემლობებთან მოლაპარაკებების გარეშე გეგმავს.

 

“არც 1-6 კლასის არაქართულენოვანი წიგნების შემთხვევაშია რამე სადავო, ისინიც ჩვენი საკუთრებაა,”- აცხადებს თამარ ლებანიძე, გამომცელობა “დიოგენეს” ხელძღვანელი.

 

შესაბამისად, გამომცემლობები ამ საკითხთან დაკავშირებითაც სამინისტროსთან სამართლებრივ დავას აპირებენ. 

 

თავად განათლების სამინისტროდან ამ დრომდე არ მოუწოდებიათ პასუხი კითხვებზე, აქვს თუ არა სამინიტროს გადაცემული გამომცემლობებისგან ეთნიკური უმცირესობებისთვის განკუთვნილ ენაზე თარგმნილი სახელმძღვანელოები და ხომ არ არის შესაძლებელი, რომ არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეები ახალი სასწავლო წლიდან უფასო წიგნების გარეშე დარჩნენ.

 

როგორც “ნეტგაზეთს” სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გასაცემად ოფიციალური წერილით უნდა მივმართოთ სამინისტროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი