ახალი ამბები

IDFI: პრეზიდენტის საზღვარგარეთ ვიზიტებში ერთ წელიწადში 2 მილიონზე მეტი დაიხარჯა

5 ივნისი, 2013 • 1010
IDFI: პრეზიდენტის საზღვარგარეთ ვიზიტებში ერთ წელიწადში 2 მილიონზე მეტი დაიხარჯა

აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი თანხა – 405 104 ლარი დახარჯულია აშშ-სა და გერმანიაში ვიზიტისთვის 2012 წლის იანვარში. როგორც პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით 2012 წლის 25 იანვარს გაემგზავრა, რომლის ფარგლებშიც კალიფორნიაში, სამიტის Basecamp-ის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო 30 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდა. თებერვლის დასაწყისში კი მან შეხვედრები გამართა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორ, გენერალ დევიდ პეტრეუსთან, კონგრესმენებთან, აშშ-ში მოინახულა ავღანეთში დაჭრილი ქართველო ჯარისკაცი.

ბარაკ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა, 2012 წლის იანვარი
ბარაკ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა, 2012 წლის იანვარი

 

2012 წლის 5 თებერვალს კი პრეზიდენტი გერმანიაში, მიუნხენში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

 

პრეზიდენტის აშშ-სა და საფრანგეთში ვიზიტისთვის 2012 წლის მარტში 402 104 ლარი დაიხარჯა. პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ამ პერიოდში ამ ქვეყნებში განხორციელებული ვიზიტების თაობაზე არაფერია ნათქვამი. 2012 წლის მარტში, ამავე ვებ-გვერდის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანში, გერმანიასა და  სამხრეთ კორეაში. ხოლო აპრილის დასაწყისში იმყოფებოდა ბელგიაში, სადაც ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა. გერმანიასა და კორეაში ვიზიტისთვის თანხა – 167 870 ლარი გამოიყო 2012 წლის 10 თებერვლის განკარგულებით, ხოლო აზერბაიჯანში ვიზიტისთვის – 17 408 ლარი (განკარგულება დათარირებულია 2012 წლის 28 თებერვლით).

 

მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში 2012 წლის მაისში იმყოფებოდა, სადაც ჩიკაგოს ნატოს სამიტში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ პერიოდში პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტის თაობაზე ვებ-გვერდზე ოფიციალური ცნობა გამოქვეყნებული არ არის.

 

“როგორც IDFI-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, წარმოდგენილი თანხები მოიცავს მთლიანად დელეგაციის და არა მხოლოდ პრეზიდენტის ხარჯებს. ამასთან, ამ ხარჯებში კატეგორიების, მაგ. საწვავის, ბილეთების, დაცვის, სასტუმროს ხარჯების ცალკე გამოყოფა არ ხდება, რადგან ადმინისტრაციაში შესული განკარგულება მხოლოდ ვიზიტისთვის საჭირო ჯამურ თანხას მოიცავს.

 

სასურველია, საქართველოს პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ოფიციალური ვიზიტების შესახებ დეტალური ინფორმაცია თავსდებოდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდების შესაბამის განყოფილებებში, რაც მივლინებების ხარჯებისა და მიზნობრიობის გამჭვირვალობისათვის გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება. არსებული მდგომარეობით ასეთი ინფორმაცია არასრულად არის წარმოდგენილი ოფიციალურ ელექტრონულ ვებ-რესურსებზე”, – ასეთია IDFI-ის პოზიცია.

 

ამავე ორგანიზაციის ცნობით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 2013 წლის 31 იანვრამდე მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა 10 სხვადასხვა ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით (რუმინეთი, ემირატები, ბელგია, ჩეხეთი, უკრაინა, სომხეთი, პოლონეთი, ბელგია, საფრანგეთი, ავღანეთი), რაზეც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოიყო 705 550,94 ლარი.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოზე ასევე უნდა იქნას განხილული პრეზიდენტის საზღვარგარეთ ვიზიტებზე გაწეული ხარჯები, ხოლო პრემიერმა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ უნდა გაირკვეს, რა მიზანს ემსახურება მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ ვიზიტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი