ახალი ამბები

ხადური: ყოფილმა მთავრობამ ბიზნესიდან 1,5 მილიარდი ლარი წინმსწრებად ამოიღო

5 ივნისი, 2013 • • 941
ხადური: ყოფილმა მთავრობამ ბიზნესიდან 1,5 მილიარდი ლარი წინმსწრებად ამოიღო

ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა მედიასთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. 

“ხელისუფლებაში მოსვლისას ჩვენ დაგვხვდა მილიარდნახევარი ლარის ოდენობის წინასწარ ამოღებული გადასახადები, რაც ძალიან მძიმე ტვირთად აწვება საქართველოს ეკონომიკას. ახლა ვმუშაობთ მექანიზმების შემუშავებაზე, რათა ეს თანხები დავფაროთ. ცხადია, ერთიანად გაჭირდება, რადგან ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები სულ 6,6 მილიარდი ლარია და აქედან თითქმის მილიარდი ლარია ზედმეტად ამოღებული თანხები”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

გადასახადები 2012 წლის ბიუჯეტში წინმსწრებად 351 693–მა საწარმომ გადაიხადა. 

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური

“უნდა ვთქვათ, რომ გადასახადების ნაწილი ობიექტურადაა ზედმეტად და წინასწარ გადახდილი. მაგალითად, დღგ-ის რაღაც ნაწილის გადახდა წინასწარ ხდება და შემდეგ ის ექსპორტზე გასული საქონლიდან უკან უბრუნდება გადასახადის გადამხდელს.  მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ დღგ-ის გარდა, რომელსაც ეს თვისება აქვს, სხვა გადასახადიც არის ზედმეტად ამოღებული, მათ შორის საშემოსავლიო გადასახადი, ქონების, მოგების გადასახადი. მაგალითად, ზესტაფონის რაიონში მუშაობს ერთი მსხვილი საწარმო, რომელსაც შარშან გადაახდევინეს მილიონ 200 ათასი ლარი ქონების გადასახადი ზესტაფონის ადგილობრივ ბიუჯეტში ზედმეტად. ის ფული არჩევნების წინ მოხმარდა ფასადების შეკეთებას და შეღებვას, წელს კი ეს საწარმო ამბობს, რომ გადასახადს აღარ გადაიხდის, რადგან შარშან ორმაგი გადაიხადა. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები ძალიან ბევრია სხვადასხვა რაიონში. ესაა დიდი ტვირთი საქართველოს დღევანდელი და მომდევნო წლების ბიუჯეტისთვის, რადგან ისაა უკან დასაბრუნებელი”– განაცხადა ნოდარ ხადურმა. 


ფინანსთა მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტს საწარმოებისთვის ამ ფულის დაბრუნების ერთიანი რესურსი არ აქვს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი