ახალი ამბები

ცაგარეიშვილი: შეუძლებელია მთელი საქართველო გადააქციო დაცვის ელემენტად

5 ივნისი, 2013 • 1050
ცაგარეიშვილი: შეუძლებელია მთელი საქართველო გადააქციო დაცვის ელემენტად

ბატონო გიორგი, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით დავიწყებ, ყაზბეგის გზაზე მომხდარ ინციდენტს ვგულისხმობ,  მშენებლობამ უნიკალური ტრავერტინები შეიწირა. რატომ გაგრძელდა ტენდენცია, როცა გარემოს დაცვის სფეროში რაღაც ფუჭდება, შემდეგ კი ირკვევა, რომ კონკრეტული საქმიანობა, რამაც გარემოს ზიანი მიაყენა, სამინისტროსთან შეთანხმებული არ ყოფილა?

 

ქვეყანაში უამრავი სახის მშენებლობა მიმდინარეობს. ყველა მშენებლობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა წარმოუდგენელია. გზის რომელიმე მონაკვეთის რეაბილიტაცია არ გულისხმობს გარემოზე ზემოქმედების ნებართვის აღებას. ამ კონკრეტული პროექტის განხორციელება კი წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, გასულ ზაფხულს მოესწრო გარკვეული სამუშაოების დასრულება. იქ მოდის დიდი რაოდენობით ნალექი თოვლის სახით და როგორც კი გამოზაფხულდა, გზების სახელმწიფო  დეპარტამენტმა სამუშაოები განაახლა. იმ გვირაბების რეაბილიტაცია საშური საქმეა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ზამთარში ეს მიმართულება საერთოდ ჩაგვეკეტებოდა. გვირაბი არის უმძიმეს მდგომარეობაში, რადგან ბოლო ოცი წლის მანძილზე მას არავითარი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. პროექტი იყო გზების სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებული, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. ახლა არის დავა იმაზე, რომ  შეიძლებოდა ეს ყველაფერი სხვანაირად გაკეთებულიყო, თუმცა, მე ვფიქრობ, ახლა უკვე დაგვიანებულია ამაზე საუბარი.

 

ამ კონკრეტული შემთხვევის გამო გარემოსდამცველებმა დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ კარგი იქნება, თუ კანონმდებლობა სარეაბილიტაციო სამუშაოების შემთხვევაშიც გაითვალისწინებს გარემოს დაცვითი ნებართვის საჭიროებას…

 

შეუძლებელია მთელი საქართველო გადააქციო დაცვის ელემენტად. შეიძლება ეს ჩვენ, გარემოს დამცველებს, ძალიანაც მოგვწონდეს, მაგრამ, ასე არ გამოდის. ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით რვა პროცენტია გამოცხადებული დაცულ ტერიტორიად და ეს არის მიახლოებული ევროპულ სტანდარტებთან, ამ მიმართულებით ვაპირებთ კიდევ გადავდგათ აქტიური ნაბიჯები. შემიძლია გითხრათ, რომ იქმნება ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორია. სამწუხაროდ, ის ძალიან ლამაზი ლანდშაფტი, რომელიც დაზიანდა, არ არის დატვირთული არც ერთი დაცვითი კატეგორიით, ის არც ბუნების ძეგლია, არც აღკვეთილი, არც ნაკრძალი, ამიტომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო მასზე შესაბამის კონტროლს ვერ ახორციელებს. ყაზბეგის გზასთან დაკავშირებით კი რაც გვითხრეს მშენებლებმა, ჩვენ ამას გავაკონტროლებთ. როცა ეს სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, იქვე გაკეთებული ხელოვნური მიწაყრილი მოშორდება ამ გვირაბს, გზას დაუბრუნდება პირვანდელი მდგომარეობა.

 

მსგავსი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად რაიმე სახის საკანონმდებლო ცვლილების საჭიროებას ხედავთ თუ არა?

 

მე უკვე ვესაუბრე მინისტრს ამ საკითხზე. ჩვენ, ფაქტობრივად, მომავალი საკანონმდებლო ცვლილებების მონახაზის გაკეთებას ვგეგმავთ, რომ ამგვარი მშენებლობების დროს, ასევე მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისას, როგორი სახისაც არ უნდა იყოს ეს პროექტები, სავალდებულო იყოს გარემოზე ზემოქმედების ნებართვის აღება. ოღონდ არა ყველა მშენებლობაზე. ჩვენ ამას განვსაზღვრავთ ეკონომიკის სამინისტროსთან, ასევე გზების სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად. დავაწესებთ გარკვეულ სტანდარტს, რომლის შესრულების დროსაც სავალდებულო იქნება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის აღება. მაგრამ არ გვინდა ეს ერთგვარ რუტინაში გადაიზარდოს. ჩვენი ქალაქის ურბანული განვითარება ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და დარწმუნებული ვარ, ბათუმშიც იქნება ანალოგიური პრობლემები, ამიტომ ჩვენ გვინდა გარკვეული ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში.

 

კიდევ რა სფეროებში აპირებთ რეგულაციების გამკაცრებას?

 

ხმაურის დასაშვები ხარისხი, დაბინძურების დასაშვები ხარისხი და ასე შემდეგ. არის ბევრი პრობლემა, რაც შეიძლება აკუმულირებული იყოს ახალ კანონპროექტში. ჩვენ ამაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და სავარაუდოდ საშემოდგომო სესიაზე წარვდგებით პარლამენტში კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც მე ვფიქრობ, ამ ტიპის პრობლემებს მოაგვარებს ქვეყანაში.

გიორგი ცაგარეიშვილი
გიორგი ცაგარეიშვილი

 

ბატონო გიორგი, გარემოს დაცვით პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაციის ნაკლებობაზე არამხოლოდ მოსახლეობა, რომელსაც ხშირად პროექტები ეხება, არამედ გარემოსდამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ჩივიან. “ქართული ოცნება” ამ სურათის მკვეთრ ცვლილებას დაპირდა მოსახლეობას წინასაარჩევნოდ…

 

კანონი საზოგადოების ჩართულობას ითვალისწინებს. ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მკაცრად ვაკონტროლებთ ამ მიმართულებას. ხუდონჰესთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ათეულობით შეხვედრა ჩატარდა მოსახლეობასთან, როგორც გარემოსდამცველების, ასევე ენერგეტიკის სამინისტროს მიერ. უამრავი პრობლემაა იქ და ამ პრობლემებზე მუშაობა მიმდინარეობს. ყველაფერი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და არა ძალისმიერი მეთოდებით. უნდა დაიხარჯოს ამაში იმდენი დრო, რამდენიც საჭიროა ხალხის დასამშვიდებლად. ამ ჰესებს აშენებენ კერძო ინვესტორები და ეს უნდა მოხდეს მათი უშუალო ჩართულობით, მაგრამ ეკოლოგიურ პრობლემებამდე გადასაწყვეტი არის სოციალური პრობლემები. ადამიანი არის უმთავრესი ამ ქვეყანაში და მისი ჯანმრთელობა – ხელშეუვალი, ამიტომ ვიდრე ეკოლოგიური პრობლემები გადაწყდება, უნდა გადაწყდეს სოციალური პრობლემები. 

 

რაც შეეხება აჭარას და მიმდინარე პროექტებს, როგორც ვიცით, რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს, რამდენიმე პროექტზე გამოცხადებულია ტენდერი, რამდენიმეზე ჩვენ ველოდებით ინვესტორების განაცხადს. დიდი სიფრთხილით ველოდებით გარემოს დამცველები ამ პროექტების განხორციელებას, განსაკუთრებით აჭარის მთიანეთში, სადაც ფლორისა და ფაუნის უამრავი ენდემური სახეობაა წარმოდგენილი. მესმის, რომ ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება, აქედან გამომდინარე ელექტროენერგია საჭიროა ქვეყნისთვის, ამიტომ ჩვენ ელექტროენერგიის წყაროები გვაქვს მოსაძებნი. ჩვენი და სამინისტროს მიზანია ოქროს შუალედი ვიპოვოთ, სხვანაირად წარმოუდგენელია. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ენერგიის წყაროები ოღონდ ისე, რომ არ მოვსპოთ და არ გავანადგუროთ ბუნება. ეს არის რეალობა. ჩვენ გვჭირდება ენერგოწყაროები არამარტო ადგილზე, არამედ ექსპორტისთვის. ეს ჩვენ გვჭირდება, უამისოდ საქართველო ვერ განვითარდება, მაგრამ მე არა მგონია, რომ წყალსატევად უნდა გადაიქცეს ქვეყანა. რომ არ შეგვექმნას წარმოუდგენელი პრობლემები, ამიტომ მთავრობა მუშაობს ამ მიმართულებით. შეგვიძლია ხუდონის მაგალითი ავიღოთ, როცა ჩვენ ჰოლანდიელ ექსპერტებთან გავაფორმეთ კონტრაქტი, ეს არის უნიკალური შემთხვევა საქართველოს უახლეს ისტორიაში. პროექტის განხორციელება ექვსი თვით გადაიდო. მნიშვნელოვანია ენერგეტიკის მინისტრის განცხადებაც, რომ მომავალი წლისთვის უკვე ქარის ენერგია იქნება გამოყენებული. აღმოსავლეთ საქართველოში დაახლოებით ოც-მეგავატიანი სადგური აშენდება. ეს არის პირველი მერცხალი ამ მიმართულებით და მე ვფიქრობ, მომავალში მზის ენერგიაზეც გადავიდეთ და არ ჩამოვრჩეთ ევროპას ამ მიმართულებით.

 

კონკრეტულ შემთხვევაზე მინდა გკითხოთ, როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობის ის ჯგუფი, რომელსაც პროექტი ეხება, მაგრამ  კომპანიამ ისე დაიწყო კაშხლის მშენებლობა, რომ მათ არ მოელაპარაკა. მოსახლეობას არ აქვს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ბედი ელის მომავალში, მშენებლობა კი მიმდინარეობს. რას ურჩევდით მათ?

 

მათ უნდა იჩივლონ სასამართლოში, სხვა გამოსავალი არ არსებობს. თუ ინვესტორი პირობებს არ ასრულებს, რა თქმა უნდა, მან პასუხი უნდა აგოს. მოსახლეობის ინტერესი არის უპირველესი. გარდა ამისა ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობაა საჭირო ამ საკითხების მოგვარებაში, რომ სასამართლომდე არ მივიდეს საქმე. თუ მეწარმეს ვერ განუმარტეს, რომ აუცილებელია ღირსეული და სამართლიანი კომპენსაციების გაცემა, მაშინ მოსახლეობამ უნდა მიმართოს სასამართლოს.

 

რამდენადაც ვიცით, კანონი ითვალისწინებს, პირველ რიგში, მოსახლეობისა და ინვესტორის მოლაპარაკებას, ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მშენებლობა…

 

ამას არამარტო კანონი, ლოგიკაც ითვალისწინებს. რასაც თქვენ ამბობთ, ეს არის  მძიმე დარღვევა. წარმოუდგენელია ბიზნესს აწარმოებდეს ადამიანი და ეს საქმიანობა ააგოს ძალადობაზე. ეს მას უკან მოუტრიალდება. პროექტს ვერ აამუშავებ, თუ მოსახლე არ გაასახლე, ამიტომ ბოლოს მაინც მოუწევთ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა. შანტაჟის ენით საუბარი კი ჩვენთვის პირველ რიგში და ქართული სახელმწიფოსთვის წარმოუდგენელია. სხვისი უბედურების ხარჯზე პირადი ბიზნესი არ უნდა ააწყო.

 

ენერგეტიკის მინისტრის განცხადების შეფასება მინდა გთხოვოთ, მან თქვა, რომ ჰიდროპროექტების მოწინააღმდეგე მოსახლეობას ვიღაც მართავს და დააკონკრეტა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” არ გულისხმობს, კონკრეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ეს საკუთარ თავზე მიიღო, რამდენად ნორმალურია მსგავსი განცხადებები მინისტრისგან?

 

ვერ გეტყვით, ვინ იგულისხმა მინისტრმა, ჯობს ეს მას ჰკითხოთ. ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს თავისი ჩამოყალიბებული აზრი, მათ შორის ჰიდროპროექტებთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტი კრიტიკოსი და მრჩეველი იქნება, მით უკეთესად წავა ჩვენი საქმე. მოვუწოდებ ყველას, რომ კრიტიკა არ არის მიუღებელი. კრიტიკა არ არის მტრად გადაკიდებულ ადამიანთა შეხედულება, კრიტიკა არის ის, რაც აფხიზლებს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი