ახალი ამბები

დაბალი კონკურენცია თბილისის მერიის ტენდერებში და კორუფციის რისკები – TI-ის კლვევა

9 ოქტომბერი, 2017 • 2146
დაბალი კონკურენცია თბილისის მერიის ტენდერებში და კორუფციის რისკები – TI-ის კლვევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” თბილისის მერიის სისტემაში 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე პერიოდში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პრაქტიკა შეისწავლა. ორგანიზაციის ცნობით, კვლევის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემური საკითხი, მათ შორის- ტენდერებში დაბალი კონკურენცია, გამარტივებული გზით ხელშეკრულებების გაფორმება გამოუცდელ და ახალ დაფუძნებულ კომპანიებთან, ასევე, კონკრეტული შესყიდვები, რომლებიც კორუფციის შედარებით მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული.

ტენდერების გზით განხორციელებული შესყიდვები (2014-2017 წწ.)

როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევაშია აღნიშნული, თბილისის მერიამ და მის დაქვემდებარებაში შემავალმა უწყებებმა – რაიონულმა გამგეობებმა, სსიპ ქონების მართვის სააგენტომ და სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა ტენდერების გზით სულ 3 711 ხელშეკრულება დადეს, საიდანაც 1 333-ს (36%) მხოლოდ ერთი მონაწილე ჰყავდა.

კვლევის მიხედვით, ერთმონაწილიანი ტენდერებიდან 41 შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულებამ ტენდერის სავარაუდო ღირებულებას გადააჭარბა. ამ მხრივ ყველაზე მეტად ისნის რაიონის გამგეობა გამოირჩევა:

  • ისნის გამგეობა – სავარაუდო ღირებულება 44,017; საბოლოო – 51, 940 (შესყიდვის კატეგორია – ავეჯი); შემსრულებელი – შპს აჩისარი
  • ისნის გამგეობა – საწყისი ღირებულება 47,960; საბოლოო – 56, 592 (შესყიდვის კატეგორია – ავეჯი); შემსრულებელი – შპს აჩისარი
  • ისნის გამგეობა – საწყისი ღირებულება 65,955; საბოლოო – 77,080 (შესყიდვის კატეგორია – სხვადასხვა საკვები პროდუქტი); შემსრულებელი – ჯი აი სი ჯორჯია
  • ისნის გამგეობა – საწყისი ღირებულება 46,070; საბოლოო – 53,148 (შესყიდვის კატეგორია – მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები); შემსრულებელი- ჯეო პარკი

TI-ის კვლევით, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გაიმარჯვეს ისეთმა კომპანიებმა, რომლებიც ტენდერის გამოცხადებამდე 1 წელზე ნაკლებ დროში (ზოგიერთ შემთხვევაში, ტენდერის გამოცხადების შემდეგაც კი) არიან დაარსებულნი (ყველა მოცემული ტენდერი ეკუთვნის თბილისის მერიას):

  • შპს მარკერი, ტენდერის გამოცხადებიდან 6 დღეში დაფუძნდა, (მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები) – 901 456 ლარი. სატენდერო პირობები ხელშეკრულების ღირებულების 95%-ის ავანსის სახით გაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებდა;
  • შპს გამწვანება 2016, ტენდერის გამოცხადებიდან 6 დღეში დაარსდა (ტენდერი,მეტყევეობისა და ტყეკაფვის პროდუქტები) – 646 104 ლარი;
  • შპს გამწვანება 2016, ტენდერის გამოცხადებიდან 6 დღეში დაარსდა (მეტყევეობისა და ტყეკაფვის პროდუქტები) – 645 912 ლარი;
  • შპს გამწვანება 2016, ტენდერის გამოცხადებიდან 6 დღეში დაარსდა (მეტყევეობისა და ტყეკაფვის პროდუქტები) – 619 160 ლარი;
  • შპს ენკო, ტენდერის გამოცხადებიდან 8 დღეში დაარსდა (მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები) – 459 164 ლარი.

როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევაში ვკითხულობთ, იმ 494 ტენდერიდან, რომელშიც ახალმა დაფუძნებულმა კომპანიამ გაიმარჯვა, 24 (4,9%) შემთხვევაში ხელშეკრულება ვერ შესრულდა. ასევე, მერიის სისტემაში დადებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა საერთო ღირებულებაც 18,9 მლნ ლარს შეადგენდა, 81 არ შესრულდა.

კვლევის მიხედვით, მსხვილი მიმწოდებლების სიაში შპს ენსისი ლიდერობს, რომელსაც ტენდერების გზით 21 მლნ ლარის ღირებულების კონტრაქტები აქვს მიღებული: “კომპანია “ენსისი” ასევე გვხვდება გამარტივებული გზით განხორციელებულ შესყიდვებშიც. კერძოდ, შესყიდვის ამ ტიპით კომპანიამ 5 მლნ ლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა. აღსანიშნავია, რომ “ენსისი” ფლობს შპს “ჯი სი”-ს, რომლის დირექტორის პოსტსაცრეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი დავით შავლიაშვილი იკავებს.”

TI-ის ინფორმაციით, თბილისის მერიის სისტემაში მმართველი პარტიის 10 შემომწირველის 10 კომპანია 61 ტენდერის გამარჯვებული გახდა, ხოლო ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ 41,8 მლნ ლარს მიაღწია. კვლევის მიხედვით, აღნიშნული პირების მიერ “ქართული ოცნების” სასარგებლოდ განხორციელებული 12 შემოწირულობის ჯამმა კი 340 600 ლარი შეადგინა.

გამარტივებული გზით განხორციელებული შესყიდვები (2015-2016 წწ.)

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევით, 2015-2016 წლებში თბილისის მერიამ და მის სისტემაში შემავალმა უწყებებმა გამარტივებული შესყიდვის გზით 2 646 ხელშეკრულება გააფორმეს, რომელთა საერთო ღირებულებამ 157 მლნ ლარს გადააჭარბა, რაც ამავე პერიოდში მერიის სისტემაში სულ (ტენდერების ჩათვლით) სახელმწიფო შესყიდვებზე დახარჯული თანხის დაახლოებით 26%-ს შეადგენს.

კვლევის მიხედვით, გამარტივებული შესყიდვებით 2015-2016 წლებში თბილისის მერიის სისტემაში ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი “ბლექ სი გრუპი” იყო, რომელმაც 14,2 მლნ ლარის ღირებულების 8 კონტრაქტი მიიღო; მეორე ადგილზეა “კავკასუს როუდ პროჯექტი” 12,5 მლნ ლარის ღირებულების 9 კონტრაქტით.

გამარტივებული შესყიდვის გზით, როგორც კვლევაში ვკითხულობთ, თბილისის მერიის სისტემაში 2015-2016 წლებში სულ 3,4 მლნ ლარის საერთო ღირებულების 37 კონტრაქტი დაიდო ისეთ კომპანიებთან, რომელთა დაფუძნებიდან ხელშეკრულების დადების მომენტში 1 წელზე ნაკლები იყო გასული.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ახალ დაფუძნებულ კომპანიებთან გამარტივებული გზით დადებულ ხელშეკრულებებს შორის ვხვდებით ისეთ კონტრაქტებს, რომლებიც ავანსის სახით თანხის 80-100%-ის გაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებენ. მაგალითად, შპს “ენკოსთან” დადებული 703 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება, შპს “მანუფაქტურასთან” დადებული 102 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება და ა.შ.

კვლევის მიხედვით, 2015-2016 წლებში მერიის სისტემაში გამარტივებული გზით დადებული ხელშეკრულებებიდან 12 არ შესრულდა, რომელთა საერთო ღირებულებამ 3,2 მლნ ლარს გადააჭარბა.

2015-2016 წლებში “ქართული ოცნების” 5 შემომწირველის 5 კომპანიასთან 10,2 მლნ ლარის საერთო ღირებულების 32 გამარტივებული ხელშეკრულება გაფორმდა. ამ პირების მიერ განხორციელებული 6შემოწირულობის ჯამურმა ოდენობამ 177 000 ლარი შეადგინა.

TI-ის რეკომენდაციები

  1. თბილისის მერიამ უნდა მიიღოს ზომები, რომ ტენდერის ჩატარებისას უზრუნველყოს უფრო მაღალი კონკურენცია;
  2. უნდა გაითვალისწინონ ის რისკები, რაც თან ახლავს ახალი დაფუძნებული და სათანადო გამოცდილების არმქონე კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას;
  3. თავიდან უნდა აირიდონ გამარტივებული შესყიდვის ხშირად გამოყენება, რათა დაიზოგოს საბიუჯეტო სახსრები და გამოირიცხოს კორუფციული რისკები. აუცილებელია სათანადო ზედამხედველობა გამარტივებულ შესყიდვებზე.

თბილისის მერიის სისტემაში 2014-2017 წლებში განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი