ახალი ამბები

უშიშროების საბჭოს სხდომა დღეს ჩატარდება

5 ივნისი, 2013 • 1049
უშიშროების საბჭოს სხდომა დღეს ჩატარდება

სხდომა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება და მასზე შიდა ქართლში ოკუპაციის ხაზის გადმოწევასა და ოკუპირებულ და მიმდებარე ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, განიხილება ოკუპირებული ტერიტორიების არააღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხებიც.

 

ეროვნული უშიშროების საბჭოს საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, ხოლო მის საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი წარმართავს. საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები – პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები- ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი არიან. საბჭოს მუშაობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობს.

 

უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა 3 ივნისს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა. ქუცნაშვილის თქმით, ხელისუფლებამ  უშიშროების საბჭოს მოწვევა რამდენჯერმე მოითხოვა და ამ მოთხოვნას ისევ აჟღერებენ.

 

ქუცნაშვილის განცხადებამდე პრეზიდენტმა თავად თქვა, რომ აუცილებელია უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ვითარება გართულდა შიდა ქართლში, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის მშენებლობის პროცესი დაიწყეს.

 

საბჭოს მოწვევის ტექნიკურ საკითხების უცოდინრობაში დაადანაშაულა უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ პრემიერი და მისი გუნდი.

 

“მე მქონდა შესაძლებლობა, პრემიერ-მინისტრის გუნდის წარმომადგენელთან პრეზიდენტის დავალებით მივსულიყავი და მეთქვა, როდის ჩავატაროთ. პრემიერ- მინისტრს არასწორი წარმოდგენა აქვს და ძალიან სამწუხაროა, რომ არავინ ჰყავს, ვინც აუხსნის, და მას ჰგონია, რომ უშიშროების საბჭო ეს ვარ მე. მე გახლავართ უშიშროების საბჭოს აპარატის მდივანი, ვარ საბჭოს ერთ-ერთი წევრი, მაგრამ უშიშროების საბჭო პირველ რიგში არის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი. მასაც და მისი გუნდის წევრების ნაწილსაც ჰგონია, რომ უშიშროების საბჭო ცალკეა და მასთან კავშირში არ არის,”- განაცხადა გიგა ბოკერიამ რუსთავი 2-თან საუბარში.

 

გუშინვე, გადაცემა “რეზიუმესთან” ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა გიგა ბოკერიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას არ ესმის, რაში იღებს ის ხელფასს.

 

“უკვე 8 თვეა, საბჭოს სხდომა არ მოუწვევიათ. რაში იღებენ ხელფასს და რას აკეთებენ? საყვედურები წამოვიდა ჩვენი გუნდიდან – რას აკეთებს უშიშროების საბჭო, მხოლოდ ვაშინგტონში დადის და ლობისტებს ხვდება? ბოკერიას ვაშინგტონში ყოფნა უძღოდა წინ “ვაშინგტონ პოსტის” სტატიას. რას აკეთებენ ისინი ქვეყნისთვის, სად დადიან პრეზიდენტი და ბოკერია, არავინ არაფერი ვიცით. რაში იღებენ ჩვენი გადამხდელების ფულს? სად იყვნენ აქამდე, ვინ დაუშალა ან ვინ შეუშალა ხელი?” – განაცხადა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი