როგორც თურქი სამართალდამცავები აცხადებენ, დაკავებულთა ასაკი 25 წელს არ აღემატება, ხოლო მათი ბრალის დამადასტურებელი მასალები მათსავე კომპიუტერში აღმოაჩინეს.
მაშინ, როცა გეზის პარკის დასაცავად სტამბოლში დაწყებული აქცია მთელ თურქეთს მოედო ანტისახელისუფლებო ლოზუნგებით, თურქეთის პრემიერმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მიკრობლოგინგის სისტემა ”ტვიტერი” არღვევს სიმშვიდეს რესპუბლიკაში, რადგან ის დეზინფორმაციის გავრცელების წყაროა. მისივე მოსაზრებით, სოციალური ქსელები საფრთხეს უქმნიან ერთობას.
მასობრივი არეულობების შედეგად თურქეთში 1 000-მდე ადამიანი დაშავდა, 2 000-მდე კი დააკავეს, რომელთა ნაწილი მალევე გამოუშვეს. სააგენტო ”ფრანს პრესის” ცნობით, ანტისახელისუფლებო პროტესტის მონაწილეთა ვნებები გარკვეულწილად ჩააცხრო თურქეთის მთავრობის ბოდიშმა პოლიციის მიერ გამოყენებული ძალადობრივი მეთოდების გამო. ამავე სააგენტოს ცნობით, ანტისამთავრობო პროტესტმა ერთმანეთთან დაპირისპირებული ისეთი საფეხბურთო კლუბების გულშემატკივრებიც კი გააერთიანა, როგორებიც არიან ”ფენერბახჩე”, ”გალათასარაი” და ”ბეშიქთაში”.