ახალი ამბები

ევროპული საქართველოს თელავის ოფისს პირი სათამაშო იარაღით დაესხა თავს

8 ოქტომბერი, 2017 • 2487
ევროპული საქართველოს თელავის ოფისს პირი სათამაშო იარაღით დაესხა თავს

დღეს, 8 ოქტომბერს, ევროპული საქართველოს თელავის ოფისს შეიარაღებული პირი დაესხა თავს, რომელიც იქ მყოფი აქტივისტებისგან საქმიანობის შეწყვეტას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იარაღის გამოყენებით იმუქრებოდა. შსს-ს ცნობით, იარაღი სათამაშო აღმოჩნდა.

“სამწუხაროდ, ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპული საქართველოს წევრებს ემუქრებიან ან თავს ესხმიან. ეს გაგრძელებაა ქართული ოცნების ხელისუფლების რამდენიმეწლიანი პრაქტიკისა, როცა მოძალადეებს, დასჯის მაგივრად, ახალისებენ, ხოლო პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკური თავდასხმა საარჩევნო კამპანიის ნაწილია,” – ნათქვამია ევროპული საქართველოს განცხადებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გვაცნობეს, რომ აღნიშნულ ფაქტზე თელავის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს. როგორც შსს-ში განგვიცხადეს, სამართლადამცველებმა ოპერატიულად დაადგინეს პირის ვინაობა და მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად სათამაშო იარაღი ამოიღეს. უწყების განცხადებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი