ახალი ამბები

ევროპის პარლამენტის დელეგაციამ საქართველოში ვიზიტი შეაჯამა

4 ივნისი, 2013 • 890
ევროპის პარლამენტის დელეგაციამ საქართველოში ვიზიტი შეაჯამა

ერთ-ერთი მომხსენებლის, ლიბორ როუჩეკის თქმით, პირველ რიგში, იმის აღნიშვნაა აუცილებელი, რომ ქვეყანაში ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილება მოხდა და უმრავლესობისა და უმცირესობის დაპირისპირების მიუხედავად, ორივე მხარე ძლიერ სწრაფვას გამოხატავს ევროპაში ინტეგრაციისკენ. 

 

დელეგაციის წევრებმა ყურადღება ვიზების ლიბერალიზაციის საკითხზეც გაამახვილეს და საკითხის მიმართ მხარდაჭერა გამოთქვეს.


“ჩვენ გვინდა, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს და ქართველებს შეეძლოთ უვიზოდ მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებში,”-განაცხადა როუჩეკმა.

 

რაც შეეხება საკითხს საოკუპაციო ზოლთან დაკავშირებით, დელეგაციის წევრებმა, რომლებმაც მოინახულეს აღნიშნული ტერიტორია, განაცხადეს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას უნდა ჰქონდეს საშუალება საკუთარ მინდვრებში გადაადგილდნენ და საფლავებზე გავიდნენ. 

 

კიდევ ერთი თემა, რომელიც ასევე ევროპის პარლამენტის საგანგებო დელეგაციის წევრების ყურადღების ქვეშ მოექცა, 17 მაისს მომხდარი მოვლენებია. დელეგაციის წევრის, ულრიკე ლუნაჩეკის თქმით, ის თავად არის ლგბტ თემის წარმომადგენელი და საქართველოში მომხდარი ფაქტი მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა დადებითად აფასებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან აღნიშნული ფაქტის დაგმობას:


“კარგად ვაცნობიერებ, ამ ადამიანებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია იცხოვრონ იმ წესით, რომელსაც ირჩევენ,”


მედიასთან შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა დაკავებულ ვანო მერაბიშვილთან ვიზიტზე, მისი 1 წლის ვადით დაპატიმრების ვარაუდზე და ამ კუთხით  უკრაინასთან პარალელების გავლებაზე ისაუბრეს. 

 

“ჩვენ არ ვართ არც მოსამართლეები და არც პროკურორები და არ გვაქვს წვდომა დოკუმენტებზე. ამიტომ ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო,”- განაცხადა კრჟიშტოფ ლისეკმა. 

 

რაც შეეხება უკრაინასთან ამ მხრივ პარალელის გავლებას, დელეგაციის წევრებს მიაჩნიათ, რომ ყველა ქვეყანა განსხავავებულია თავისი “ქეისებით”, შესაბამისად, საქართველოსა და უკრაინის შედარება არც ერთ ქვეყანას დადებით შედეგს არ მოუტანს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი