ახალი ამბები

პრეზიდენტმა საზღვარგარეთ სასწავლებლად 37 მოქალაქე დააფინანსა

4 ივნისი, 2013 • 924
პრეზიდენტმა საზღვარგარეთ სასწავლებლად 37 მოქალაქე დააფინანსა
„საქართველოს მოქალაქეების მიერ უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 26 მარტის N201 ბრძანებულების შესაბამისად, უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული, სწავლისა და სწავლასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დაფინანსების მიმღები საქართველოს მოქალაქეების შერჩევის მიზნით გამოცხადებული კონკურსი დასრულდა.

 

საქართველოს მოქალაქეების მიერ უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით შექმნილმა საკონკურსო კომისიამ განცხადება გამოაქვეყნა.
 

 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საკონკურსო კომისიას დაფინანსებისთვის მიმართა უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მიღების მიზნით ჩარიცხულმა 200-მდე სტუდენტმა.

 

ოფიციალური ინფორმაციით, აპლიკანტების მიერ მოთხოვნილმა ჯამურმა თანხამ შეადგინა 12 (თორმეტი) მილიონ ლარზე მეტი. განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ კი გასაუბრებაზე აპლიკანტთა 65 (სამოცდახუთი) პროცენტზე მეტი მიიწვიეს.

 

გასაუბრების შემდგომ ეტაპზე გადაწყვეტილებების მიღებისას, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მთავარ ამოცანას წარმოადგენდა არსებული რესურსით აპლიკანტთა მაქსიმალური რაოდენობის დაკმაყოფილება, რომელიც ნაწილობრივი დაფინანსების შემთხვევაშიც კი მოახერხებდა მათ მიერ წარმოდგენილ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მიღებას.

 

“შესაბამისად, კომისიამ ვერ მოახერხა ვერც ერთი აპლიკანტის მიერ მოთხოვნილი თანხის 100 (ასი) პროცენტით დაკმაყოფილება. კომისიის გადაწყვეტილებით, შერჩეულ იქნა 37 (ოცდაჩვიდმეტი) აპლიკანტი, რომელთა დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 1 (ერთი) მილიონი ლარი. მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ, სამწუხაროდ, ზემოაღნიშნული გარემოებების გამო ვერ შეძლო ყველა კონკურსანტის ინტერესის გათვალისწინება, უნდა აღინიშნოს, რომ კონკურსში მონაწილეთა უმრავლესობა წარმოადგენდა უაღრესად ღირსეულ კანდიდატს, რომელსაც საკონკურსო კომისია მადლობას უხდის კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის და გულწრფელად უსურვებს წარმატებას დასახული მიზნის განხორციელებაში,”- ნათქვამია განცხადებაში.


ამასთან, კომისია მწუხარებას გამოთქვამს, რომ მუშაობის პროცესში ადგილი ჰქონდა კომისიის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობას ზოგიერთი კონკურსანტის მიერ, რაც, კომისიის განმარტებით, გამოიხატა კომისიაზე გავლენის მოხდენის მცდელობაში მათთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, რამაც თავისთავად უარყოფითად იმოქმედა კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებაზე. 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ სასწავლებლად დაფინანსებისთვის ჩატარებულ კონკურსთან დაკავშირებით აპლიკანტების მიერ შენიშვნებიც გამოითქვა. ისინი კომისიას აპლიკანტების არაობიექტურად შერჩევაში ადანაშაულებენ და გამარჯვებულ კანდიდატთა სიის გამოთხოვას გეგმავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი