ნეტგაზეთი | ბათუმელი სტუდენტების საპროტესტო აქცია ბათუმელი სტუდენტების საპროტესტო აქცია – Netgazeti
RU | GE  

ბათუმელი სტუდენტების საპროტესტო აქცია

ამ წუთებში ბათუმის უნივერსიტეტთან მიმდინარეობს  სტუდენტების საპროტესტო აქციის მზადება.  სტუდენტები წალკის რაიონიდან ჩამოსული ეკომიგრანტების მხარდაჭერას ისახავენ მიზნად. ისინი მთავრობას მოუწოდებენ ამ პრობლემას რეაგირების გარეშე ნუ დატოვებენ.

 

ეკომიგრანტი ოჯახები წალკიდან 13 მაისს დაბრუნდნენ. მათ ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების სხვადასხვა ინსტანციას მიმართეს დახმარების თხოვნით. ეკომიგრანტები ამბობენ, რომ მათ არავინ არ სცემს პასუხს.

 

13 მაისის შემდეგ, ეკომიგრანტები აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, სამარშრუტო ტაქსებში, ზოგი მათგანი კი იქვე სკვერში გაშლილ კარავში ათევენ ღამეს.

 

ღია ცის ქვეშ დარჩენილი ეკომიგრანტები ამბობენ, რომ არ აქვთ არათუ ჰიგიენის დაცვის, არამედ ბიოლოგიური მოთხოვნილებები დაკმაყოფილების ელემენტარული პირობებიც, ამის მიუხედავად მთავრობას ბიოტუალეტების დადგმაზე არ უფიქრია.

 

აჭარიდან წალკაში ეკომიგრანტები წლების წინ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებით და ინიციატივით ჩასახლდნენ. სახელმწიფომ ისინი საბერძნეთში მიგრირებული ბერძენი ეროვნების მოქალაქეების სახლებში შეასახლა იმ გარანტიით, რომ სახლებს გამოისყიდდა. სახლები დღემდე არ გამოუსყიდიათ. ბოლო ერთი წელია სახლების მესაკუთრეების წარმომადგენლები ჩამოდიან წალკაში და ეკომიგანტებს თავიანთ საკუთრების დაცლას სთხოვენ.

 

ეკომიგრანტების ინფორმაციით, წალკაში აჭარიდან ჩასახლებული 3300 ეკომიგრანტი ოჯახი ცხოვრობს, მთავრობამ ბერძენი მოქალაქეებისგან მხოლოდ 350 სახლი გამოისყიდა.

 

აჭარის მოქმედი ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ეკომიგრანტების პრობლემებზე ზრუნვა მათ კომპეტენციას ცდება და მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების საზრუნავია. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"