ახალი ამბები

ალასანიამ და აპატურაიმ შეხვედრაზე ნატო–საქართველოს თანამშრომლობა განიხილეს

4 ივნისი, 2013 •
ალასანიამ და აპატურაიმ შეხვედრაზე ნატო–საქართველოს თანამშრომლობა განიხილეს

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, საუბარი შეეხო საქართველოს კონტრიბუციას ISAF-ის მისიაში, ქვეყანაში მიმდინარე თავდაცვის რეფორმებს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე იყო საქართველოში თვის ბოლოს დაგეგმილი ნატოს ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი:

 

“მადლობა გადავუხადე მინისტრს და ქართველ ხალხს იმ წვლილისთვის, რომელიც თქვენს ჯარებს ავღანეთის მისიაში შეაქვთ. ასეთი პატარა სახელმწიფოსთვის 22 გარდაცვლილი დიდი მსხვერპლია. ჩვენ ვისაუბრეთ ამ ოპერაციის მომავალზე და ცნობილია, რომ საქართველო ამ მისიაში 2014 წლის შემდეგაც მიიღებს მონაწილეობას. ეს არა მხოლოდ ნატოსთვის, არამედ საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია. საქართველოს სურს ალიანსში გაწევრიანება და ჩვენ ვეხმარებით, რომ საჭირო სტანდარტები დააკმაყოფილოს. თავდაცვის მინისტრი ძირეულ რეფორმებს ატარებს თავდაცვის უწყებაში. სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტს ახლახან მოეწერა ხელი, რასაც ალიანსი მიესალმება. ჩემი აზრით, დღეს თავდაცვის სამინისტროს ძალიან კარგი ხელმძღვანელი ჰყავს“, – განაცხადა აპატურაიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველოს ნათლად აქვს წარმოდგენილი, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მომავალი წლის სამიტამდე:

 

“პოლიტიკური რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაიწყო, ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი და წინაპირობაა იმისთვის, რომ საქართველომ დააკმაყოფილოს ის სტანდარტები, რომელიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისათვის. ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ უფრო მკაფიო წარმოდგენა გვექნება იმაზე, თუ როგორ გავაგრძელებთ ნატოს მისიაში მონაწილეობას. ნატო ძალიან მყარად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას. როგორც ჯეიმს აპატურაიმ აღნიშნა, საქართველო ალიანსის წევრი გახდება, მაგრამ ვადებზე საუბარი წინასწარ ნაადრევია“

 

ხვალ, 5 ივნისს, ალიანსის შტაბბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი