ახალი ამბები

ქუთაისის მერს ხვალ დაამტკიცებენ

4 ივნისი, 2013 • • 1241
ქუთაისის მერს ხვალ დაამტკიცებენ

დიმიტრი კოპალიანს ქალაქის მერის პოსტზე დასამტკიცებლად საკრებულოს ხდომაზე ხვალ წარადგენენ. კოპალიანი ამბობს, რომ ხვალინდელი დღე, როცა მას საკრებულოს წარუდგენენ, ფორმალურია:

 

“აქ არაფერი არ იყო ისეთი, დახურული, უბრალოდ იყო მეგობრული შეხვედრა, გავეცანი, რადგან ხვალ უკვე ფორმალური სახე ექნება ამას და ეს იყო ფაქტობრივად,” – განაცხადა კოპალიანმა.

 

კოპალიანი 20 წელი საზღვარგარეთ ცხოვრობდა.

 

“დაბრუნება იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, ქალაქს რომ შევხედე, ასეთი პროცესი მიმდინარეობდა … თან მეც მინდა ჩამოვიდე ქუთაისში, ჩემს სახლს დავუბრუნდე, ამდენი ხანია წასული ვარ და რა ვიცი, ძალიან მენატრებოდა.”

დიმიტრი კოპალიანი
დიმიტრი კოპალიანი

რაც შეეხება ვიცე-მერების კანდიდატებს, კოპალიანის თქმით, ამაზე საუბარი ნაადრევია:

 

„მთავარი თხოვნაა ყველასთან, რომ გვერდში ამომიდგნენ, გუნდის წევრებზე ჯერ საუბარი ზედმეტია. მე უნდა ვიყო ნეიტრალურ-სუბიექტური პიროვნება, უნდა მივიღო ის გადაწყვეტილებები, რაც ქალაქისთვისაა მნიშვნელოვანი. გეგმებს რაც შეეხება, პირველი- გამჭირვალობა, ეს აუცილებელია, მეორე იქნება მენეჯმენტი, ანუ რეორგანიზაცია, რომელიც საჭირო არის ქალაქისთვის და მესამე- ამ ეტაპზე იქნება უცხოეთთან ურთიერთობა ქალაქის უფრო მეტად განსავითარებლად. რაც შეეხება დეტალებს, ეს უკვე ხვალინდელი საკრებულოს შემდეგ ვისაუბრებთ ამაზე.”

 

ფრაქცია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარე კახა ნემსიწვერაძე ამბობს, რომ კოპალიანს მხარს დაუჭერენ:

 

“ჩვენ მოვისმინეთ მისი პროგრამა, მისი სამომავლო პრიორიტეტები და მე მგონია, რომ ფრაქცია ხვალ მხარს დაუჭერს ბატონი დიმიტრი კოპალიანის კანდიდატურას. “

 

ამჟამად ქუთაისის საკრებულოში 4 ფრაქციაა შექმნილი. ყველაზე მეტი წევრი (10 ადამიანი) ჰყავს ფრაქციას “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”. 4 წევრი – ფრაქცია “ნაციონალებს, 3 – “მაჟორიტარებს” და ოთხი –  ფრაქციას “ქართული ოცნება – ქუთაისი”. საკრებულოში სამი წევრი დამოუკიდებელი დეპუტატის სახითაა წარმოდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი