ახალი ამბები

მარგველაშვილი: ჩემს ნებისმიერ ინიციატივას “ნაციონალური მოძრაობა” ბლოკავს

4 ივნისი, 2013 • 1309
მარგველაშვილი: ჩემს ნებისმიერ ინიციატივას “ნაციონალური მოძრაობა” ბლოკავს

“მინდა იმ სირთულეების შესახებ ვთქვა, რის წინაშეც განათლების სამინისტრო ვდგავართ. ნებისმიერ ჩემს ინიციატივას ბლოკავს “ნაციონალური მოძრაობა.” ეს  ლოგიკურია და მოულოდნელი არ არის, ალბათ, ჩემი საპრეზიდენტო კანდიდატობიდან გამომდინარე,”- აცხადებს მარგველაშვილი.


მინისტრის განმარტებითვე, პირველივე მისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უმაღლესი სასწავლებლების სტატუსს (აიპ -დან სსიპ-ად გადაკეთებას) უკავშირდებოდა, ოპოზიციამ დაბლოკა.


“მეგონა, ეს პროცესი მალე დასრულდებოდა. ჯერ დაიბლოკა, მერე ვეტო დაედო, შემდეგ ვეტოს დაძლევა.”


როგორც მინისტრის მოადგილის, დავით ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადებით ირკვევა, მუშაობა დაწყებულია  უმაღლესი განათლების სფეროში სხვა საკანონმდებლო პაკეტების შემუშავებაზეც. 


“როდესაც ვამბობთ, რომ უმაღლეს სასწავლებლებს სსიპ-ის სტატუსი მიენიჭება, აქვე უნდა ითქვას, რომ ეს არ იქნება სსიპ-ი ისეთი ფორმით, როგორიც არის ახლა – მეტი ავტონომიის ხარისხი ექნება. ბევრი რამე იქნება გამარტივებული, მაგალითად, ის, რომ დღეს სახელმწიფო შესყიდვების კანონს ექვემდებარებიან,”- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

შეხვედრაზევე გაირკვა, რომ  უმაღლესი სასწავებლებისთვის სტატუსის შეცვლის საკითხთან ერთად სამინისტრო კიდევ ერთ სიახლეზე, უნივერსიტეტებში ცალკეული ინსტიტუტების შექმნის საკითხზეც მუშაობს.


“ვმუშაობთ სახელმწიფოს უნივერსტეტების გადაკეთებაზე სსიპ-ებად და ამ სსიპ-ებში ქვესტრუქტურების შექმნაზე, ავტონომიური ინსტიტუტების სახით,”-ამბობს მარგველაშვილი.


მინისტრის თქმით, უნივერსიტეტებში არსებულ ინსტიტუტებთან ერთად ინსტიტუტები იარსებებს უნივერსიტეტების გარეთ. ორივე შემთხვევაში კი, მისი განცახდებით, მათი ავტონომიურობა გარანტირებული იქნება. 


საკანონმდებლო ცვლილებები უამღლეს განათლების სფეროში, როგორც მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი ამბობს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მიმდინარე წელსვე განხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი