ეს არის მოსამართლეთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომელშიც 50–ზე მეტი მოქმედი მოსამართლეა გაწევრიანებული და აღნიშნული ასოციაციის წევრობა ნებისმიერ მოქმედ და რეზერვში მყოფ მოსამართლეს შეუძლია.
როგორც დამფუძნებლები აცხადებენ, ასოციაცია მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის, მართლმსაჯულების ადმინისტრირების პროცესის მხარდაჭერას, მოსამართლეთა კორპუსის გაძლიერებას და ჩართვას სისტემის შემდგომი განვითარების პროცესში. მოსამართლეთა შორის იდეების გაცვლისა და კომუნიკაციის პროცესის ხელმშეწყობას. ასოციაციის მიზანია მოსამართლეთა თვითმმართველობის განმტკიცების მხარდაჭერა.
ასოციაციის თავმჯდომარე სააპელაცო სასამართლოს თავმჯდომარე ნათია გუჯაბიძეა, გამგეობის წევრები კი არიან: მოსამართლე თამაზ ურთმელიძე, ქეთი გუბელაძე, თეა ხამხაძე და ალექსანდრე იოსელიანი.
როგორც მოსამართლეები აცხადებენ დროა, რომ სასამართლოს ჩაკეტილი სისტემა გაიხსნას და მოსამართლეებმა საზოგადოების ნდობა დაიბრუნონ.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ იურსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მისი მოადგილე სანდრო ბარამიძე, ასევე, უმრავლესობის წევრები ზაქარია ქუცნაშვილი და ვახტანგ ხმალაძე. მათ განაცხადეს, რომ ასოციაციის დაფუძნება მნიშვნელოვანია და კარგია, თუ იდეები და მოსაზრებები მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით მოსამართლეებისგან წამოვა.
როგორც პრეზენტაციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, მოწვეულ სტუმრებს შორის იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილიც, თუმცა პრეზენტაციას არ დასწრებია.