ახალი ამბებიეკონომიკა

ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის პოლიტიკური ეფექტი საქართველოს უსაფრთხოებაზე

5 ოქტომბერი, 2017 • 6457
ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის პოლიტიკური ეფექტი საქართველოს უსაფრთხოებაზე

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი ჯოსეფ ლარსენი აცხადებს, რომ ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებით, შესაძლოა, საქართველო უსაფრთხოების თვალსაზრისით უფრო გაძლიერდეს.

ჯოსეფ ლარსენი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ჩინეთის ინტერესები მხოლოდ ეკონომიკურ სფეროს მოიცავს, თუმცა ღრმა ეკონომიკურ ურთიერთობებს გეოპოლიტიკური შედეგებიც მოსდევს. მისივე თქმით, ეკონომიკურ ჩართულობასთან ერთად, ჩინეთი უფრო მეტად იქნება დაინტერესებული საქართველოში სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით.

რეგიონში ჩინეთის სამხედრო ძალით ჩართვას ანალიტიკოსი თითქმის გამორიცხავს და ამბობს, რომ ნატო ამ შემთხვევაში უალტერნატივოა საქართველოს უსაფრთხოებისთვის.

საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობების შესახებ კვლევა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა განახორციელა.

აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენელი, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ ჩინეთს დიდი გავლენა აქვს რუსეთზე და თუ ჩინეთის ეკონომიკური გავლენა საქართველოზე გაიზრდება, რუსეთს მოუწევს ჩინეთის ფაქტორის გათვალისწინება.

“ამ მოსაზრებაში ნამდვილად არის საღი მარცვალი. ჩინეთი, განსხვავებით აშშ-გან და სხვა გლობალური აქტორებისგან, არ ცდილობს გეოპოლიტიკური ინტერესის შემოტანას რეგიონში, თუმცა ის არის ძალიან მგრძნობიარე ეკონომიკური ინტერესებისადმი. თუ საქართველო ჩინური ეკონომიკის ინტერესებში მოექცა, ამან შეიძლება ძალიან სასარგებლოდ იმუშაოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში. ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები ხასიათდება იმ დინამიკით, რომ რეალურად ჩინეთი რუსეთს განიხილავს, როგორც უმცროს პარტნიორს. ჩინეთის წონა და მისი გავლენა ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის. ბუნებრივია, ეს გავლენა ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს, მაგრამ თუ რუსეთი გადაწყვეტს დანარჩენი საქართველოს ოკუპაციას, ის ალბათ ორჯერ მეტად იფიქრებს, თუ ეცოდინება, რომ საქართველოში ჩინეთს დიდი ეკონომიკური ინტერესები აქვს. ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთს ჩვენს ქვეყანაში საერთოდ არ ექნება ინტერესები,”- აცხადებს კორნელი კაკაჩია.

კვლევის პრეზენტაციას, რომელიც კვირის დასაწყისში თბილისში გაიმართა, საქართველოში ჩინეთის ელჩი ძი იენჩი ესწრებოდა. ელჩის თქმით, 2-3 წლის შემდეგ ორ ქვეყანას შორის მყარი ეკონომიკურ-პოლიტიკური კავშირები იქნება.

“მიმდინარე წლის მაისში ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის ხელშეკრულების ძალაში შესვლა ჩვენ შორის ეკონომიკური კავშირების ახალ გზებს გახსნის,”-განაცხადა ელჩმა.

პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი საქართველოს მთავრობას ურჩევს, ისარგებლოს თავისი მდგომარეობით და გახდეს დამაკავშირებელი ხიდი აზიასა და ევროპას შორის. ჯოზეფ ლარსენის თქმით, ქვეყანას შეუძლია ჩინეთ-თურქეთისა და ჩინეთ-უკრაინის სავაჭრო და ინფრასტრუქტურული მარშრუტების ცენტრი გახდეს.

ჯოსეფ ლარსენი

ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობების ქრონოლოგია:

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოსთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაიწყო. კვლევის მიხედვით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები 2010 წლიდან გაღრმავდა.

2009 წელს ჩინეთში ექსპორტის მოცულობამ დაახლოებით $ 6 მლნ შეადგინა. გასულ წელს ჩინეთში ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით  $ 170 მლნ. შეადიგინა.

2017 წლის მაისში ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს საექსპორტო კატეგორიის 91% ტარიფი მოეხსნება.

ჩინეთის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში

ჩინური კომპანია “ჰუალინგ ჯგუფი “ ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია საქართველოში. ის ქვეყანაში 2007 წელს შემოვიდა და 8 პროექტში $ 500 მლნ ინვესტიცია განახორციელა. ამჟამად კომპანიაში 3000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

2011 წელს ჯგუფი საფინანსო სექტორით  დაინტერესდა ,  2012 წელს კი  “ბაზის ბანკის” საკონტროლო პაკეტი შეიძინა.

ჯოზეფ ლარსენის კვლევაში კიდევ ორი ჩინური კომპანია მოხვდა- ZTE Corporation და Huawei Technology Co. ეს კომპანიები დღეს ქართული ტელეკომინიკაციების ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან.

საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობები დიპლომატიისა და უსაფრთხოების სფეროში

პრეზენტაციისას ჯოზეფ ლარსენმა თქვა, რომ ჩინეთის ინტერესი საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება, თუ საქართველო “სარტყელისა და გზის” ინიციატივაში მეტად ჩაერთვება.

ჩინეთმა “სარტყელისა და გზის” ინიციატივის შესახებ ოფიციალურად 2013 წელს განაცხადა. ინიციატივა მოიცავს სხვადასხვა პროექტებს. კვლევის მიხედვით, ინიციატივაში  ჩართულია 65 სახელმწიფო, მსოფლიო მოსახლეობის ⅔ და გლობალური მშპ-ს ⅓ .

ლარსენის თქმით, “სარტყელისა და გზის” ინიციატივა მიზნად ჩინური საქონლისთვის სავაჭრო გზების გახსნას ისახავს. ანალიტიკოსის აზრით, “სარტყელისა და გზის” ინიციატივაში საქართველოს მონაწილეობას ქვეყნის სამი მთავარი მახასიათებელი ხდის მიმზიდველს:

  • თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩინეთთან
  • შავ ზღვაზე გასასვლელი და სახმელეთო გზა თურქეთთან, რაც ჩინეთს ევროკავშირთან ვაჭრობის უფრო ეფექტურ პლატფორმას სთავაზობს
  • ხელსაყრელი მდებარეობა ორ რეგიონულ ფორმატს შორის, რომელიც მნიშვნელოვანია “სარტყელისა და გზის” ინიციატივის წარმატებით განხორციელებისთვის. ესენია – საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის (GUAM) გაერთიანება და აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი.

ანალიტიკოსის შეფასებით, მართალია, “სარტყელისა და გზის” ინიციატივა ეკონომიკური ინიციატივაა, თუმცა შესაძლოა პროექტს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური კომპონენტი ჰქონდეს, ევრაზიაში ჩინეთის, როგორც დომინანტი სახელმწიფოს სტატუსის გასამყარებლად. ამას კი, როგორც ჯოზეფ ლარსენი ამბობს, საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება ევრაზიის ტრადიციულ ჰეგემონთან, რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის გამო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი