ახალი ამბები

ნობელის პრემია ლიტერატურაში კაძუო იშიგუროს გადაეცა

5 ოქტომბერი, 2017 • 3555
ნობელის პრემია ლიტერატურაში კაძუო იშიგუროს გადაეცა

ნობელის პრემია ლიტერატურაში ბრიტანელ მწერალს, წარმოშობით იაპონელ კაძუო იშიგუროს გადაეცა – მას, ვინც თავის ემოციურ რომანებში სამყაროსთან ჩვენი კავშირის ილუზორული შეგრძნების მიღმა არსებული უფსკრული გამოააშკარავა.

ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატი 2017 წლის 5 ოქტომბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე, გამოცხადდა. ლიტერატურაში ნობელის პრემიის ნომინანტების წარდგენის უფლება მხოლოდ კვალიფიციურ ადამიანებს აქვთ. სრული ინფორმაცია კონკრეტული წლის ნომინანტების შესახებ 50 წლის შემდეგ ვრცელდება. წლების განმავლობაში მას საიდუმლოდ ინახავენ.

კაძიუ იშიგურო ცნობილია რომანებით-  “An Artist of the Floating World” (მოფარფატე მსოფლიოს ხელოვანი), “The Remains of the Day” (დღის ნარჩენები), “A Pale View of Hills” (მთების მკრთალი ხედი), “The Unconsoled” (დაუშოშმინებელი), “When We Were Orphans” (როდესაც ობლები ვიყავით), და “Never Let Me Go” (ნურასდროს გამიშვებ).

ქართულ ენაზე ნათარგმნია რომანი “ნურასოდეს გამიშვებ”, რომელიც გამომცემლობა “პალიტრამ” თარგმნა. არსებობს ამ რომანის ეკრანიზაციაც, რომელიც 2010 წელს გამოვიდა. 1993 წელსაც გამოვიდა იშიგუროს “დღის ნარჩენების” ეკრანიზაცია. 

წელს მიმომხილველები ვარაუდობდნენ, რომ ნობელი იაპონელ მწერალ ჰარუკი მურაკამის, კენიელ ნგუგი ვა თონგოს ან კანადელ მარგარეტ ეტვუდს გადაეცემოდა.

ნობელის ლიტერატურის კომიტეტი  თავად უგზავნის მოწვევას იმ ადამიანებს, ვინც კანდიდატები უნდა დაასახელოს. ნომინანტების წარდგენის უფლება აქვთ შვედეთის ან სხვა ქვეყნების აკადემიებს. ასევე, სხვა ინსტიტუტებს, რომლებსაც მსგავსი პროფილი აქვთ: ლიტერატურის და ენათმეცნიერების პროფესორებს; ნობელის პრემიის წინა ლაურეატებს, რომელთაც ჯილდო ლიტერატურაში გადაეცათ; ავტორთა საზოგადოების პრეზიდენტებს, რომლებიც ლიტერატურულ პროდუქციას წარადგენენ მათ ქვეყნებში.

  • 1901-2016 წლებში, ჯამში, 109 ნობელის პრემია გაიცა ლიტერატურაში
  • ჯერჯერობით დაჯილდოვებულია მხოლოდ 14 ქალი
  • ლიტერატურის 4 პრემია გაიყო ორ ადამიანს შორის
  • ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი, ვისაც ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში გადაეცა, 41 წლის რადიარდ კიპლინგი იყო
  • ყველაზე ასაკოვანი კი- 88 წლის დორის ლესინგი, რომელმაც პრემია 2007 წელს მიიღო
  • ლიტერატურაში ნობელიანტების საშუალო ასაკი 65 წელია

მასალების გადაბეჭდვის წესი