ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“ასეთი ადამიანი, სამწუხაროდ, ბევრია” – სამინისტრო მარტოხელა დედისთვის დახმარების შეწყვეტაზე

4 ოქტომბერი, 2017 • 5510
“ასეთი ადამიანი, სამწუხაროდ, ბევრია” – სამინისტრო მარტოხელა დედისთვის დახმარების შეწყვეტაზე

აფხაზეთიდან დევნილ ნანა ბოლქვაძესა და მის 12 წლის შვილს, რომელთაც დევნილთა სამინისტრო, როგორც უკიდურესად ღარიბ ოჯახს, 2015 წლიდან ყოველთვიურად, სხვადასხვა პერიოდში, 150, 180 და 200 ლარის ოდენობით ბინის ქირას უხდიდა, 2017 წლის ივნისიდან ეს დახმარება შეუწყვიტა.

“ამ ქალბატონის მდგომარეობას თავიდან ბოლომდე გეტყვით. ქალბატონი ნანა, 2015 წლიდან დღემდე, სამინისტროსგან სარგებლობს ქირის დახმარებით იმ მოტივით, რომ სოციალური ქულა არის ძალიან დაბალი და, შესაბამისად, უჭირს. სამინისტრო ვალდებულებას იღებს, სამი თვის განმავლობაში, იმ ადამიანებს, რომლებიც ჯდებიან კრიტერიუმში, ანუ სოციალურად დაუცველი, დაეხმაროს, ხელი გაუმართოს, შეუმსუბუქოს მდგომარეობა”, – აცხადებს ნეტგაზეთთან საუბარში ლევან სიგუა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა სამმართველოს უფროსი.

თუმცა სამინისტროს წარმომადგენელი აქვე განმარტავს, რომ ფულადი რესურსების ნაკლებობის გამო სამინისტრო მუდმივად, მთელი წლის განმავლობაში, ოჯახს ბინის ქირას ვერ გადაუხდის.

“რესურსი არ გვაქვს იმდენი, რომ მუდმივად, მთელი წლის განმავლობაში, გადავუხადოთ ქირა. მუდმივ რეჟიმში სამინისტრო ვერ აიღებს ვალდებულებას იმიტომ, რომ ამ ადამიანს 2 570 ქულა აქვს სოციალურში, მაგრამ 1 000-ქულიანები მყავს ძალიან ბევრი. მას მთელი დროის განმავლობაში დავეხმარეთ და ვინაიდან რესურსი არ არის ამის, რაღაც დროის განმავლობაში შეუჩერდება”.

შესაბამისად, როგორც სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, ახალი განაცხადის შევსებიდან ერთი თვის განმავლობაში მონიტორინგის ჯგუფი ადგილზე მივა და ნანას საცხოვრებელ პირობებს შეაფასებს, შემდეგ კი სამინისტროში არსებული კომისია ისევ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

მას შემდეგ, რაც სამინისტრომ ნანა ბოლქვაძეს ბინის ქირის დახმარება შეუწყვიტა, მარტოხელა მშობელი იძულებული გახდა, წინასწარ გამოეტანა რამდენიმე თვის სოციალური ფულადი დახმარება და ბინის ქირა გადაეხადა. თუმცა მიმდინარე თვიდან ყველანაირი რესურსის ამოწურვის შემდეგ ნანა და მისი 12 წლის შვილი ერთადერთი ოთახის გარეშე დარჩენის საფრთხის ქვეშ არიან.

“სახლის პატრონმა უკვე გამაფრთხილა, მე აქ უფასო სასტუმრო არ მაქვსო”, – ამბობს ჩვენთან საუბარში ნანა ბოლქვაძე.

აფხაზეთიდან დევნილი ნანა ბოლქვაძე და მისი მცირეწლოვანი შვილი თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში, დაახლოებით ოთხ კვადრატულ ნაგებობაში ქირით ცხოვრობენ. ოთახში არც აბაზანაა და არც სამზარეულო.

ნანა ბოლქვაძეს დევნილთა სამინისტროს მიერ მინიჭებული ქულით უკვე რამდენიმე წელია ბინა ეკუთვნის. ეს 2015 წელს ნეტგაზეთთან ინტერვიუში დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელმაც დაადასტურა, თუმცა “ერთოთახიანი ბინების ნაკლებობის გამო ყველა მსურველს ბინით ვერ აკმაყოფილებენ”. შესაბამისად, ოფიციალური ინფორმაციითვე, ნანა კიდევ უნდა დალოდებოდა კუთვნილ ბინას, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, როდის მიიღებენ მის სასარგებლოდ გადაწყვეტილებას.

“სანამ ცოცხალი ვარ, შეიძლება ვერ ვეღირსო ბინას. მხოლოდ შვილზე ვფიქრობ, ასე უპატრონოდ, უსახლკაროდ არ დარჩეს”.

2016 წელს თბილისში ბინა 400-ზე მეტმა დევნილმა ოჯახმა მიიღო. სამინისტროს 2017-2018 წლების სტრატეგიის შესაბამისად, ამავე წლებში ბინას 2096 დევნილი მიიღებს.

უკანასკნელი სტატისტიკით, ქვეყნის მასშტაბით 273 411 დევნილია დარეგისტრირებული. მათგან ყველაზე ბევრი, 105 996 თბილისში ირიცხება. ბინის მიღების მსურველ ოჯახთა რაოდენობა 20 ათასამდეა. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი