ახალი ამბები

სამდღიანი არეულობის შემდეგ თურქეთში სიმშვიდეა

3 ივნისი, 2013 • • 1054
სამდღიანი არეულობის შემდეგ თურქეთში სიმშვიდეა

საპროტესტო აქცია თურქეთში, სტამბოლში, ტაქსიმის მოედანთან ახლოს მდებარე სკვერის დასაცავად გასულ კვირას გაიმართა. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ ხელისუფლების მიერ სკვერში გასართობი და სავაჭრო ცენტრების მშენებლობის დაწყების გადაწყვეტილებას. აქცია ხელისუფლებამ ძალადობრივი მეთოდებით დაშალა, რის შემდეგაც რამდენიმე დღის განმავლობაში საპროტესტო ტალღა თურქეთის 67 ქალაქს მოედო.  “ამნესტი ინტერნეშენალის” ცნობით, დაღუპულია 2 ადამიანი. მწვანე პარკის დაცვის მოთხოვნით დაწყებული აქცია უკვე გადაიზარდა ანტისამთავრობო დემონსტრაციაში. აქციის მონაწილეები თურქეთის პრემიერს დიქტატორს უწოდებენ და ამას თურქეთის ისლამურ სახელმწიფოდ ქცევის მცდელობაში ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი იცავენ მუსტავა ქემალ ათათურქის იდეებს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე, სეკულარული თურქეთის მშენებლობას.

 

რამდენიმედღიანი დაპირისპირების შემდეგ რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, მოუწოდა თავის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ იმ ადგილებში მოხვედრისგან, სადაც შესაძლოა საპროტესტო აქცია იმართებოდეს.

 

რამდენიმედღიანმა პროტესტმა და არეულობამ გავლენა მოახდინა თურქეთის ეკონომიკაზეც.  ანალიტიკოსების შეფასებით, თუ არეულობა გაგრძელდება, ეს დიდ დარტყმას მიაყენეებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს. თურქული ლირის კურსი დოლართან მიმართებაში 1.89–მდე დაეცა, რაც ბოლო 18 თვის განმავლობაში ყველაზე უარესი შედეგია.

 

ტელეარხ “ალ ჯაზირას” ცნობით, თურქეთის პრემიერი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი დღეს, 3 ივნისს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაემგზავა ოფიციალური ვიზიტით, რის გამოც კრიტიკის ობიექტი გახდა. 

 

გამგზავრების წინ ერდოღანმა სტამბულის ათათურქის სახელობის აეროპორტში განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები ინსპირირებულია ექსტრემისტული ძალების მიერ და მას არაფერი საერთო არ აქვს სტამბულში, ერთ–ერთი პარკში დაგეგმილ მშენებლობასთან.  

მასალების გადაბეჭდვის წესი