ახალი ამბები

დეზირი: მუხთარლის საქმეზე საქართველოში დამოუკიდებელი გამოძიება უნდა ჩატარდეს

3 ოქტომბერი, 2017 • 1462
დეზირი: მუხთარლის საქმეზე საქართველოში დამოუკიდებელი გამოძიება უნდა ჩატარდეს

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა, ჰარლემ დეზირმა პარლამენტის ვიცესპიკერთან, თამარ ჩუგოშვილთან შეხვედრისას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის შესახებაც ისაუბრა:

“დიახ, ჩვენ ვისაუბრეთ აფგან მუხთარლის საქმეზე, ჩვენ შეშფოთებული ვართ აფგან მუხთარლისთან დაკავშირებული სიტუაციის გამო ახლა აზერბაიჯანში. ვფიქრობთ, რომ ყოვლის მომცველი და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებაა საჭირო საქართველოში, რათა გაირკვეს სიმართლე და ის, თუ ვინაა პასუხისმგებელი”,- განაცხადა დეზირმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

შეკითხვაზე, მიიჩნევს, თუ არა, რომ გამოძიება ჭიანურდება, დეზირმა განაცხადა, რომ ეუთო აკვირდება გამოძიებას და აქვთ მოლოდინი, რომ “გამოძიება გამჭვირვალედ ჩატარდება და სიმართლემდე მიგვიყვანს”.

ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ დეზირს სერიოზული პოლიტიკური პასუხი გასცა მუხთარლისთან დაკავშირებით, რაც თანამდებობის პირების გადადგომაში გამოიხატება:

“რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიების შედეგები დამოკიდებულია როგორც საქართველოს პროკურატურაზე, ასევე, აზერბაიჯანის პროკურატურაზე. შესაბამისად, მათთან თანამშრომლობის გარეშე ცოტა რთულდება გამოძიება”,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 29 მაისს გაუჩინარდა, ხოლო გამოძიება შსს-მ დაიწყო 30 მაისს, მუხთარლის ცოლის, ლეილა მუსტაფაევას განცხადების საფუძველზე. მუხთარლი ამბობს, რომ ის თბილისიდან გაიტაცეს ადამიანებმა, რომლებსაც ეცვათ საქართველოს შსს-ს კრიმინალური პოლიციის ფორმები. მისი თქმით, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ისე გადაიყვანეს აზერბაიჯანის საზღვარზე, სადაც დააპატიმრეს. აზერბაიჯანის საგამოძიებო უწყების ცნობით, მუხთარლიმ თვითონ გადაკვეთა საზღვარი, სადაც ის დააკავეს კონტრაბანდული ფულის გადატანის ბრალდებით.

აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მუხთარლის დაკავებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისში. მუხთარლის საქმის გამოძიებას პროკურატურის მიერ ითხოვდა დაკავებულის ოჯახი, თუმცა პროკურატურამ ეს საქმე მუხთარლის გატაცებიდან 1.5 თვის შემდეგ გადაიბარა. 19 ივლისს მუხთარლის ადვოკატებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი