ახალი ამბები

იდენტობა: თამარ ივერი ლგბტ ადამიანებს ბოდიშს უხდის

2 ივნისი, 2013 • • 3585
იდენტობა: თამარ ივერი ლგბტ ადამიანებს ბოდიშს უხდის

თამარ ივერის წერილში ნათქვამია, რომ  იგი შორს არის ჰომოფობიისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში  საოპერო სამყაროში და საერთოდ, ხელოვნებაში არ იქნებოდა. 

 

“ჩემი შეგნებული 15 წლიანი კარიერის მანძილზე ვერც ერთი, ჩემი ნაცნობი, კოლეგა, თეატრის დირექტორი, დირიჟორი თუ თუნდაც ჩემდამი უკიდურესად არაკეთილად განწყობილი ადამიანი ვერ იტყვის, რომ მე როდესმე რაიმე ჰომოფობიური გამოხდომა მქონია ან მსგავსი აზრი გამომიხატავს.განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები საოპერო სამყაროში, უკვე ათწლეულზე მეტია, ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან და ისინი ჩემდამი ასეთ იარლიყს ვერ იჯერებენ.”–ნათქვამია წერილში. 

 

თამარ ივერი თავის წერილში ასევე აკეთებს განმარტებას, თუ რატომ განათავსა სტატუსი, რომელშიც იგი ჰომოფობიურ მოსაზრებებს ავრცელებს და ლგბტ ადამიანებს შეურაცხყოფს. მისი განცხადებით, მას  არ ჰქონდა საშუალება თვალი ედევნებინა მოვლენებისათვის ინტერნეტის საშუალებით და მხოლოდ თეატრში მიღებული ახლობლების ზარებით იღებდა ინფორმაციას:

 

“ვიღებდი ინფორმაციას, თითქოს ეკლესიის ეზოში, სკოლის და მოსწავლე ბავშვების წინ “აპირებენ თეატრალიზებულ, კოსტუმირებულ გეი აღლუმს. შიშველი ბიჭებით, “საცურაო კოსტუმებით”, მეუბნებოდნენ, რომ ისინი დამცინავად და გამომწვევად იქცევიან, “ეკლესია და ხალხი სასტიკი წინააღმდეგია, მაგრამ ამ ყველაფერს მაინც უშვებს და მფარველობს პრეზიდენტი,”,შემდგომ უკვე ინფორმაცია იმის შესახებ რომ “ვეღარ შესძლეს აღლუმის ჩატარება,ბიჭებმა დაშალეს ” და ა.შ ამას დაემატა ისიც, რომ ჩემი მეუღლე მაგ პერიოდში გლოვაში იყო, ავღანეთის იმ ავბედით ოპერაციაში მისი ერთერთი უახლოესი მეგობრის დაღუპვით….ჩვენთვის ამ ფაქტმა ათმაგად უფრო დიდი აღშფოთება გამოიწვია და….სტატუსი ინტერნეტ კაფეში, დაახლ.10 წუთში დაიწერა, აბსოლუტურად ერთი ამოსუნთქვით, ძალიან აღელვებულ და ემოციურ ფონზე. ალბათ,ეს ყოველივე იგრძნობა კიდეც მისი კითხვის დროს.სამწუხაროდ,ისტორიასაც აქვს ბევრი მაგალითები იმისა რომ უეცარი აღელვების ნიადაგზე სახელმწიფოებს ომებიც კი დაუწყიათ და სასიცოცხლო მნიშვნელობის გადაწყვეტილებები მიუღიათ.შემდგომ, როგორც გავიგე სულ რაღაც 50–მდე ადამიანის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ მდუმარე აქციის ჩატარების სურვილი ყოფილა. შემდგომ კი ვიხილე არა”ბიჭებმა დაშალეს”, არამედ, ის საშინელი რეალური დარბევის ვიდეოკადრებიც, რამაც საშინლად იმოქმედა ჩემზე. რა თქმა უნდა სტატუსი წამსვე წავშალე მაგრამ “კეთილისმსურველებმა” უკვე მოასწრეს მისი დაკოპირება და გავრცელება”.– ნათქვამია წერილში. 

 

ივერის თქმით, არც ერთი წუთით არავის გულის ტკენა, არავის შურაცხყოფა და, მით უმეტეს, ვინმეს მიმართ ზიზღი ან ფობია არ განუზრახავს.

 

“იმავე ფრაზების წაკითხვისას, ბუნებრივია თავადვე ერთბაშად მიჩნდება სინდისის ქენჯნა, რადგან ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში სულ ძალადობას, ყოველგვარი ფორმით ადამიანის უფლებათა შელახვას ვეწინააღმდეგები და ამ დროს, თავადვე აღმოვჩდი იმ ადამიანის იარლიყით, რომელიც ადამიანთა ერთი კატეგორიის მიმართ ზიზღის პროპაგანდაშია დადანაშაულებული. ალბათ ყველას კარგად გესმით რა შოკი შეიძლება იყოს ჩემთვის, რა განწყობას შემიქმნიდა ერთბაშად ამდენიმოზღვავებული ზიზღის წერილები, სატელეფონო ზარები, მუქარები, დაცინვა.როგორც ჩანს, ვერ მოვზომე და ავჩქარდი და ფაქტობრივად დავწერე ის, რაც ცოტა ხნის წინ სატელეფონო საუბრებში ახლობლებისგან მოვისმინე, მოგვიანებით კი თავადვე მიუღებელი მომეჩვენა ჩემივეტექსტის რიგი ფრაზები. არ ვიცი, რამდენად უშველის ამოდენა წყენის გაქარწყლებას ჩემი სინანული, ან რამდენად დააშოშმინებს აზვირთებულ ბრაზს ჩემი წუხილი, მაგრამ მსურს მართლაც ადამიანური გულწრფელობით პატიება ვთხოვო ყველა იმ ადამიანს ვისაც ჩემმა წერილმა უნებლიედ ტკივილი მიაყენა, ან ღირსება შელახულად აგრძნობინა თავი, ან უბრალოდ აღაშფოთა არაკორექტულობისა და მისთის მიუღებელი მოსაზრებების გამო”– ნათქვამია წერილში. 

 

თავის მხრივ, “იდენტობა” აცხადებს, რომ ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ივერს მადლობა გადაუხადა მტკივნეული და გაბედული ნაბიჯისათვის, რომლის  გადადგმაც,   “იდენტობის” განცხადებით, მისთვის ადვილი ალბათ არ იქნებოდა.

 

“ამ ეტაპზე მივიჩნევთ, რომ ინციდენტი ამოწურულია. ჩვენ გულწრფელად მივიღეთ თამარ ივერის ბოდიში და ვიმედოვნებთ, მომავალში ქართული კულტურის არც ერთი მოღვაწე არ გახდება ჰომოფობიური სკანდალში გახვეული.”– ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი