ახალი ამბები

ილია მეორე: ვინც ამბობს არ გვინდა თეოკრატია, ისიც არ იცის რა არის თეოკრატია

1 ივნისი, 2013 •
ილია მეორე:  ვინც ამბობს  არ გვინდა თეოკრატია, ისიც არ იცის რა არის თეოკრატია

“ხანდახან გვესმის ასეთი სიტყვები ჩვენ არ გვინდა თეოკრატია,  ამას ვინც ლაპარაკობს, ამას ვინც ამბობს ისიც არ იცის რა არის თეოკრატია. თეოკრატია ეს არის ღვთის ძალა, ღვთის მმართველობა. ეს  იყო წინასწარმეტველების დროს, როცა უფალი თვითონ კარნახობდა ეუბნებოდა წინასწარმეტყველებს, რომ გადაეცით ერს, გააკეთოს ესა და ეს.  არის თეოკრატია–ღვთის მმართველობა და არის კლერიკალური მმართველობა, კლერიკალური მმართველობა არავის უნდა,  რომ სასულიერო პირი საერო პირი იყოს.  იმ ადამიანებმა, რომელთაც ვერ გაურჩევიათ თეოკრატია და კლერიკალიზმი, როგორ უნდა ილაპარაკონ საქართველოს მომავალზე, მომავალ ცხოვრებაზე”– განაცხადა ილია მეორემ. 

 

სიტყვა–სიტყვით თეოკრატია ღმერთის მმართველობას ნიშნავს, თუმცა სამოქალაქო ლექსიკონის განმარტების მიხედვით, თეოკრატია სახელმწიფო მმართველობის ფორმაა, რომლის დროსაც ხელისუფლება თავმოყრილია სასულიერო პირთა ან ეკლესიის მეთაურთა ხელში. ოქსფორდის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, თეოკრატია  სახელისუფლებო სისტემა, რომელსაც სამღვდელოება მართავს უფლის ან ღმერთის სახელით. 

 

შეგახსენებთ, 24 მაისს თბილისში, დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი აქცია გაიმართა: 19:00 საათზე ჩატარდა დემონსტრაცია ლოზუნგით: “არა თეოკრატიას”, ხოლო პარალელურად გაიმართა კონტრაქცია “ლგბტ თემების პროპაგანდის” აკრძალვის მოთხოვნით.

 

აქციაზე “არა თეოკრატიას”  მისული ადამიანები აპროტესტებდნენ 17 მაისს თავისუფლების მოედანზე მომხდარ ძალადობას, რომელიც კონტრმომიტინგეების მიერ ანტიჰომოფობიური აქციის დაშლას მოჰყვა. ნეტგაზეთის გამოკითხული ადამიანები სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნას მოითხოვენ და მიაჩნიათ, რომ უმაღლესი კანონი რესპუბლიკის კონსტიტუციაა, რომელიც ყველა ადამიანის უფლებას თანასწორად იცავს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი