ახალი ამბები

წულუკიანმა “ოცნების” წევრების მიერ მოსახლეობის ყურანზე იძულებით დაფიცების ფაქტი დაგმო

2 ოქტომბერი, 2017 • 3900
წულუკიანმა “ოცნების” წევრების მიერ მოსახლეობის ყურანზე იძულებით დაფიცების ფაქტი დაგმო

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა “ქართული ოცნების” წევრების მიერ დმანისის მოსახლეობის ყურანზე იძულებით დაფიცების ფაქტი დაგმო. ეს საკითხი დღეს უწყებათაშორის კომისიაზე განიხილეს, სადაც “შენების მოძრაობის” წარმომადგენელმა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიაში, თემურ ნერგაძემ კომისიის წევრებს დმანისში არსებული ვითარება გააცნო.

“კომისიას მივაწოდეთ ის ინფორმაცია, რაც ადგილზე მოვიპოვეთ. ადგილობრივი მოსახლეობა ადასტურებს, რომ მათ აიძულებენ ყურანზე დაფიცებას იმის დასადასტურებლად, რომ ხმას ნამდვილად „ქართული ოცნების“ კანდიდატს მისცემენ. კომისია შეისწავლის აღნიშულ საკითხს, განახორციელებს მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში მოახდენს შესაბამის რეაგირებას,” – აცხადებს თემურ ნერგაძე.

ამ საკითხთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა სხდომის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნული ფაქტი დაგმო. მანამდე “ქართულმა ოცნებამ” დმანისის სოფლებში მათი წარმომადგენლების მხრიდან ყურანზე იძულებით დაფიცების ფაქტი უარყო და განგვიცხადა, რომ დავით უსუფაშვილის პარტია დეზონფორმაციას ავრცელებს.

“პრობლემა რჩება ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, როდესაც ზოგიერთი ადამიანი ბედავს და ყურანზე აფიცებს ადამიანებს, რომ ამა თუ იმ პარტიას მისცემს ხმას. ეს არის დასაგმობი,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

28 სექტემბერს “შენების მოძრაობამ” “ქართული ოცნება” მოსახლეობაზე ზეწოლაში დაადანაშაულა. დავით უსუფაშვილის გუნდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პოლიტიკური პარტიის დმანისის შტაბის იურისტი ემზარ პეტრიაშვილი სოფელ ირგანჩაის მაცხოვრებლებს სთხოვს ყურანზე დაიფიცონ, რომ 21 ოქტომბერს ბიულეტენში 41-ს შემოხაზავენ. მხარდაჭერისთვის ყურანზე მოსახლეობის იძულებით დაფიცების ფაქტების შესასწავლად ადგილზე ეუთოს წარმომადგენელებიც იმყოფებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი