ახალი ამბები

“ოცნება” დმანისში მხარდაჭერისთვის მოსახლეობას ყურანზე დაფიცებას აიძულებს – შენების მოძრაობა

28 სექტემბერი, 2017 • 3110
“ოცნება” დმანისში მხარდაჭერისთვის მოსახლეობას ყურანზე დაფიცებას აიძულებს – შენების მოძრაობა

“შენების მოძრაობა” დმანისში “ქართულ ოცნებას” მოსახლეობაზე ზეწოლაში ადანაშაულებს. უსუფაშვილის გუნდში აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის დმანისის შტაბის იურისტი ემზარ პეტრიაშვილი სოფელ ირგანჩაის მაცხოვრებლებს სთხოვს ყურანზე დაიფიცონ, რომ 21 ოქტომბერს ბიულეტენში 41-ს შემოხაზავენ.

“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დავალებას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშივლი იძლევა,” – ნათქვამია “შენების მოძრაობის” განცხადებაში.

გარდა ამისა, როგორც დავით უსუფაშვილის აპარტიაში აცხადებენ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო ბოლო პერიოდში გახშირდა ზეწოლისა და დაშინების ფაქტები. მათი განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით მოძრაობამ უკვე მიმართა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიას.

ნეტგაზეთი ბრალდებების საპასუხოდ “ქართულ ოცნებას” დაუკავშირდა, სადაც “შენების მოძრაობის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს. როგორც მმართველ პარტიაში განგვიცხადეს, ისინი უკვე დაუკავშირდნენ დმანისის შტაბს, სადაც მათ შესახებ გავრცელებულ ბრალდებებს აბსურდული უწოდეს და უსუფაშვილის გუნდი სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულეს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი