ახალი ამბები

ილია მეორე ვლადიმერ პუტინს წერილით მიმართავს

1 ივნისი, 2013 •
ილია მეორე ვლადიმერ პუტინს წერილით მიმართავს

“თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, გამოვთქვამთ შეშფოთებას რუსი ჯარისკაცების მიერ სოფელ დიცთან საქართველოს დროებითი საზღვრის გადმოწევის გამო. ეს არის ჩვენი მოსახლეობისთვის მეტად მტკივნეული და მოულოდნელი ქმედება, მითუმეტეს იმ მცდელობების ფონზე, რასაც ჩვენი ქვეყნები ურთიერთობის ნორმალიზებისათვის აკეთებენ და რაც, საქართველოში არსებული რთული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენთვის ადვილად განსახორციელებელი არ არის. ვიმედოვნებთ, თქვენ სწორ შეფასებას მისცემთ შექმნილ ვითარებას და მიიღებთ სათანადო ზომებს აღნიშნული მდგომარეობის დროულად გამოსწორებისათვის.”–ნათქვამია მიმართვაში. 

 

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 23 იანვარს ილია მეორე მოსკოვში ჩავიდა, სადაც იგი ვლადიმერ პუტინს შეხვდა. პატრიარქისა და პუტინის შეხვედრისა და საუბრის შესახებ ინფორმაციას რუსულმა სააგენტომ “რია ნოვოსტიმ” გაავრცელა. 

 

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ვლადიმერ პუტინმა ილია მეორეს მიულოცა 80 წლის იუბილე და აღსაყდრებიდან 35 წელი, ასევე, რუსეთის საპატრიარქოდან მიღებული ჯილდო.

 

“განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო იმისთვის, რომ თქვენ ასეთ რთულ ვითარებაში, ვგულისხმობ საქართველო რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობას, აკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია გაკეთდეს ჰუმანიტარული, სულიერი და კულტურული კონტაქტების მხარდასაჭერად ჩვენს მოძმე ერებს შორის”, – მიმართა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს კათალიკოს პატრიარქს.

 

თავის მხრივ, ილია მეორემ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს კრემლში შეხვედრისას პრემირ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მოკითხვა გადასცა:

 

“მინდა გადმოგცეთ მოკითხვა ჩვენი ახალი პრემიერ–მინისტრისგან. ის აკეთებს ყველაფერს რუსეთთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ვფიქრობ, რომ პრობლემები, რომელიც ჩვენს შორის არსებობს, მოგვარდება და ჩვენ ვიცხოვრებთ ძველებურად ძმურად”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი