“თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ კონტროლს დავკარგავთ ათასობით ჰექტარზე ჩვენი ისედაც მცირე მიწის. ეს არის სუვერენიტეტის საკითხი, ეს არის იმ სოფლების საკითხი, სადაც ხალხი ცხოვრობს, რომლებისთვისაც სიცოცხლის წყაროა ეს მიწა. მათი უსაფრთხოების საკითხია ის, რაც ხდება ამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.
სრულიად გეგმაზომიერ პროვოკაციებთან გვაქვს საქმე და მინდა ერთმნიშვნელოვნად კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი პოზიცია, რომ ნამდვილად არ ვადანაშაულებ თავად ამ პროვოკაციების განხორციელებაში, ან ამ პროვოკაციასთან კავშირს ვერ ვხედავ საქართველოს მთავრობის უშუალო მოქმედებებსა და რუსეთის გადაწყვეტილებებს შორის. მე მიმაჩნია, რომ რუსეთი მიყვება თავის გეგმას, იმის მიხედვით ახორციელებს ამ გეგმას, როგორსაც ხედავს იმ წამისთვის ვითარებას. მისთვის სულერთია, თუ კონკრეტულად იმ დღეს, იმ კვირას, წინა თვეებში რა ქმედებას განახორციელებს საქართველოს ხელისუფლება, ისევე როგორც მე მიმაჩნია, რომ სწორია საქართველოს მთავრობის საერთო პოზიცია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად და არ წამოვეგოთ რაიმე სახის პროვოკაციებს, ვინაიდან ამ პროვოკაციებს შეიძლება მოჰყვეს რაიმე სახის საშიში შედეგი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, ეს თემა პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირების, ან ვინმეს მხრიდან ქულების მოგროვების საგნად არ უნდა იქცეს.
“მე ვფიქრობ, ამ პროვოკაციებით რუსეთი ცდის საქართველოს ახალი მთავრობის სიმტკიცეს, საქართველოს შიდა ერთიანობას, პოლიტიკურ ძალთა შორის ერთიანობას, პოლიტიკურ ძალთა შორის რაიმე სახის თანამშრომლობას, თუნდაც ასეთ ფუნდამენტურ საკითხებზე.
რუსეთისთვის პრობლემა იყო საქართველოს ნებისმიერი მთავრობა, რუსეთისთვის პრობლემა იყო გამსახურდია, რუსეთისთვის პრობლემა იყო შევარდნაძე, რუსეთისთვის პრობლემა იყო ჩემი მთავრობა და რუსეთისთვის პრობლემაა დღევანდელი საქართველოს მთავრობა იმიტომ, რომ მთავრობაში არაა საქმე, რუსეთისთვის პრობლემაა საქართველოს, როგორც პარტნიორის, როგორც სახელმწიფოს არსებობა. მე მგონი, ამ ათწლეულებში ჩვენ ამაში კარგად დავრწმუნდით.
ახლა საკითხი დგას იმაზე, როგორ მობილიზებულები ვიქნებით ჩვენ და რა იქნება ჩვენი პასუხი იმაზე, რაც არის ობიექტური რეალობა. მე კარგად ვიცი, რომ ჩვენ ვერ ვიყავით რბილები, მაგრამ მე ასევე კარგად ვიცი, რომ ჩვენი მთავრობის პირველ წლებში ჩვენ გამოვიჩინეთ საოცრად ლმობიერი დამოკიდებულება რუსეთისადმი, ჩვენი რიტორიკა იყო უკიდურესად რბილი, უკიდურესად გახსნილი, ვინმემ შეიძლება თქვას მავნებლობითიც და ჩვენ ამით ვერაფერი ვერ მივიღეთ. ეს არის ჩემი პირადი გამოცდილება და ჩემი მთავრობის გამოცდილება.
უშიშროების საბჭოს შეკრებები უნდა გავარგძელოთ იმიტომ, რომ ყველა ამ საკითხზე ჩვენ გვაქვს დაგროვილი გამოცდილება, ჩვენ გვაქვს პრობლემა არაღიარების პოლიტიკაზე, რუსეთი დარბის და ყველგან ცდილობს ახალი აღიარებების მიღებას გაეროს წევრი სხვადასხვა ქვეყნებიდან. ერთი აღიარება ჩვენ უკვე შევაცვლევინეთ, არის შანსი კიდევ ერთ- ორ ქვეყანას შევაცვლევინოთ, მაგრამ ასევე არის საფრთხე იმ პირობებში, როდესაც ჩვენ თვითონ ვაბრალებთ საკუთარ თავს ომს, ჩვენ თვითონ ვიძახით, რომ ვამზადებდით ტერორისტებს, რომ ამ საბაბით რუსეთმა მიიღოს ახალი აღიარებები. რომ ავიცილოთ ეს ზიანი, ჩვენ გვჭირდება ერთად დაჯდომა, ერთმანეთზე ხელის ჩაკიდება, ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.