ახალი ამბები

ბიუჯეტის პროექტით თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება მცირდება

2 ოქტომბერი, 2017 • 3268
ბიუჯეტის პროექტით თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება მცირდება

საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული ბიუჯეტის პირველი პროექტით თავდაცვის ბიუჯეტი მცირდება.

2017 წლის თავდაცვის ბიუჯეტის გეგმა 748 000 000 ლარს შეადგენს, ხოლო პროექტის მიხედვით, 2018 წელს ამ უწყებას, ჯამში, 702 მლნ ლარი უნდა გამოეყოს. 2016 წელს თავდაცვის ბიუჯეტი 745 მლნ ლარი იყო.

მთავრობის პროგნოზით, ნომინალური მშპ 2018 წელს 40 4448 500 000 ლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-სთან დაკავშირებით ნატოს 2%-იან კვოტას ვერ დაიცავს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აცხადებს, რომ წევრმა ქვეყნებმა მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2 პროცენტი უნდა დახარჯონ შეიარაღებაზე. ეს წესი საქართველოსთვის სავალდებულო არ არის, რადგან ქვეყანა ჯერ ნატოში არ გაწევრიანებულა, თუმცა რეკომენდაციაა. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით აკრიტიკებდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატოს იმ წევრ ქვეყნებს, რომლებიც მისი თქმით, თავდაცვაზე საკმარის ფულს არ ხარჯავენ.

“ჩვენ აქ რეალური შემცირება არ გვაქვს. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტს ორ ნაწილად განვიხილავთ: ერთი არის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები და მეორე – საფრანგეთიდან მიღებული კრედიტით დაფინანსება. აღნიშნული კრედიტის ფარგლებში ძირითადი თანხა წელს იმაზე მეტი იქნება მიღებული, ვიდრე ბიუჯეტშია გათვალისწინებული. უფრო მეტი დაიხარჯება წელს, შესაბამისად, ეს პროექტი მთავრდება და დონორის მიერ გამოყოფილი თანხა მცირდება”, – აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე.

პროექტის მიხედვით, 2018 წლისთვის გამოყოფილი თავდაცვის ხარჯებიდან 680 მლნ ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ხოლო დანარჩენი 22 მლნ – კრედიტით.

ეს არ არის საბოლოო ბიუჯეტი, რადგან ის პარლამენტს ჯერ არ დაუმტკიცებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი