ახალი ამბები

ახალაიამ მოსამართლე შუასაუკუნეების ინკვიზიტორს შეადარა და დარბაზი დატოვა

31 მაისი, 2013 •
ახალაიამ მოსამართლე შუასაუკუნეების ინკვიზიტორს შეადარა და დარბაზი დატოვა

“უკანასკნელ პერიოდში საზოგადოებამ თვალნათლივ დაინახა, რომ მოსამართლე გიორგი დარახველიძე თვალსა და ხელს შუა გადაიქცა მეოთხე პროკურორად. მან აბსოლუტურად დაკარგა ობიექტურობის შეგრძნება და დაიწყო უკანონო გადაწყვეტილებების მიღება, რაც გამოიხატა შემდეგში:

პირველ ეტაპზე ჩემს ადვოკატ-სტაჟიორს რომეო საჯაიას მიეცა საშუალება განეხორციელებინა მოწმეების დაკითხვა. როდესაც ბრალდების მხარემ დაინახა, რომ ამ ადამიანის შეკითხვები რეალურად კვეთდა საქმის ობიექტურ გარემოებებს, რაც მათ აშკარად არ აწყობდათ, მოსამართლემ შეცვალა გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით და აუკრძალა მომდევნო პროცესებზე კითხვების დასმა ისე, რომ პროცესზე ეს საკითხი არ წარმოშობილა და პროკურორებსაც კი არ დაუყენებიათ განსახილველად.

 

ბაჩო ახალაია
ბაჩო ახალაია

გარდა ამისა, მოსამართლე დარახველიძემ სრულიად დაუსაბუთებლად გამაძევა სასამართლო დარბაზიდან და ცილი დამწამა, თითქოს მას მივაყენე რაიმე სახის შეუარცხყოფა. სრული პასუხისმგებლობით მინდა განგიცხადოთ და ეს საზოგადოებამაც კარგად დაინახა სატელევიზიო კადრებიდან, რომ არც ერთი სიტყვით, არც ინტონაციურად მე მოსამართლისთვის არათუ შეურაცხყოფა, არამედ ზედმეტი არაფერი მითქვამს. მე გამოვხატავდი ჩემს პოზიციას, რისი სრული უფლებაც მქონდა”, – განაცხადა ახალაიამ.

მისივე თქმით, თვალსაჩინოა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში მოსამართლე ყველა გადაწყვეტილებას ბრალდების სასარგებლოდ ღებულობდა, რაც შეუძლებელს ხდიდა მოწმეების დაკითხვას და ადვოკატებს უზღუდავდა დაცვის უფლებას და მიუხედავად იმისა, რომ მათ არაერთხელ დააყენეს შუამდგომლობა მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით, ეს შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა:

“ყოველივე ზემოაღნუშნული აშკარად სცილდება სამართლიანი სასამარლოს პრინციპებს. სწორედ აქედან გამომდინარე ვაცხადებ, რომ მოსამართლე გიორგი დარახველიძე უფრო ჰგავს შუასაუკუნეების ინკვიზიტორს, ვიდრე მოსამართლეს, რომელსაც ეშინია როგორც საკუთარი წარსულის, ასევე მომავლის. მე არ მჯერა, რომ ის არის მოსამართლე, რომელსაც შეუძლია ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება. აქედან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალე, მეც და ჩემს ადვოკატებსაც დაგვეტოვებინა აღნიშნული პროცესი”, – განაცხადა ახალაიამ, რის შემდეგაც სასამართლო პროცესი დატოვა.

მოსამართლე გიორგი დარახველიძე განიხილავს საქმეს, რომელიც ეხება სამხედრო მოსამსახურეებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების, თავისუფლების აღკვეთის ეპიზოდებსა და ზვიად აბესაძისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებს.

გიორგი დარახველიძე სხვადასხვა პერიოდში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, სენაკისა და საჩხერის რაიონული სასამართლოების თავმჯდომარე, 2013 წლის 13 თებერვლიდან კი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში მიავლინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი