ახალი ამბები

წულუკიანი: გადავხედავთ ლიბერალურ სავიზო რეჟიმს, რომელიც დღემდე ჰქონდა საქართველოს

31 მაისი, 2013 • 813
წულუკიანი: გადავხედავთ ლიბერალურ სავიზო რეჟიმს, რომელიც დღემდე ჰქონდა საქართველოს

კომისიის შემადგენლობაშია სახელმწიფო  უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და მას იუსტიციის მინისტრი თავმჯდომარეობს.

 

სამთავრობო კომისიის სხდომაზე საქართველოში უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის პროექტი განიხილება. სახელმწიფო უწყებები იმ რეგულაციებზე მსჯელობენ, რომლებსაც კანონის ახალი ვერსია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის აწესებს. სხდომის მონაწილე მხარეების პოზიციების შეჯერებისა და კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ის ჯერ საქართველოს მთავრობას წარედგინება, შემდეგ კი − პარლამენტს.

 

თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის დღევანდელი სხდომა, რომლის მუშაობაშიც ათი სამინისტრო და ორი სახელმწიფო მინისტრი მონაწილეობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კომისიის წევრები საბოლოოდ შეჯერდნენ კანონთა იმ პაკეტზე, რომელიც უცხოელების სამართლებრივ მდგომარეობას ეხება: 

 

„დღემდე საქართველოს არ ჰქონია საემიგრაციო პოლიტიკა. ჩვენ გადავდივართ იმ ეტაპზე, როცა ქვეყანას ექნება მკაფიო მიდგომები უცხოელებსა და მათ სამართლებრივ სტატუსთან მიმართებაში. ჩვენ გადავხედავთ და ახლებურად გავიაზრებთ ვიზების კატეგორიებს და, რაც მთავარია, გადავხედავთ ლიბერალურ სავიზო რეჟიმს, რომელიც დღემდე ჰქონდა საქართველოს… სხვადასხვა ქვეყნებთან სხვადასხვა მიდგომები ამოქმედდება, საკანონმდებლო ბაზა იქნება მორგებული სახელმწიფო ინტერესზე, რომელიც დაიცავს შრომის ბაზარს, სამეწარმეო სფეროს“, − აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლა აქვს დაწესებული, კანონით აღარ იქნება განსაზღვრული; მათ საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.

 

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის დღევანდელი სხდომა პირველი ოქტომბრის შემდეგ გამართულ სხდომათა შორის რიგით მერვეა. კომისიის მიზანი მიგრაციის მართვის სფეროში ჩართულ უწყებებს შორის კოორდინაციის დონის ამაღლება და მიგრაციის მართვის სისტემის გაუმჯობესებაა. კომისიის შემადგენლობაში არიან იუსტიციის სამინისტროს; დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის; შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის; ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი