ახალი ამბები

ლიტველი ბიზნესმენი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

31 მაისი, 2013 • • 1182
ლიტველი ბიზნესმენი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ვაივა ვიატკევიჩენე და საულიუს ვიატკევიჩუსი ტოვებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს. 31 მაისი, 2013
ვაივა ვიატკევიჩენე და საულიუს ვიატკევიჩუსი ტოვებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს. 31 მაისი, 2013

საულიუს ვაიტკევიჩუსი სამართალდამცავებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 29 მაისს, 05:30 საათზე, მაშინ დააკავეს, როცა კიევის მიმართულებით გაფრენას აპირებდა. ის ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის ან ქონების მითვისებას დიდი ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული ითავლისწინებს 7–დან 11 წლამდე პატიმრობას.

 

 პროკურორების ინფორმაციით, საულიუს ვაიტკევიჩუსმა 2010 წლის ნოემბერში მიითვისა კომპანია “კავკასუს ელექტრო მარკეტის” კუთვნილი 2 მილიონი აშშ დოლარი. იმ დროს საულიუს ვაიტკევიჩუსი აღნიშნული კომპანიის დირექტორი იყო. გამოძიების ცნობით, “კავკასუს ელექტრო მარკეტმა” 2010 წელს ხელშეკრულება გააფორმა კომპანია “აფთაუნ თბილისთან”, რათა სავაჭრო ცენტრში დაემონატჟებინა სავენტილაციო სისტემა. თავის მხრივ კი  “კავკასუს ელექტრო მარკეტმა”  საულიუს ვაიტკევიჩუსის ინიციატივით ხელშეკრულება სავენტილაციო სისტემების ყიდვის მიზნით გააფორმა ოფშორში რეგისტრირებულ კომპანია “ვიტანასთან” და წინასწარ, ავანსის სახით გადაურიცხა 2 მილიონი აშშ დოლარი. როგორც საბრალდებო დასკვნაშია ნათქვამი, “ვიტანასმა” სავენტილაციო სისტემები არ მიაწოდა “კავკასუს ელექტრო მარკეტს”, რადგან ეს თანხა მიითვისა კომპანიის იმდროინდელმა დირექტორმა საულიუს ვაიტკევიჩუსმა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ეს ბრალდება გამყარებულია მოწმეთა ჩვენებებით და სხვა მასალებით.

 

თავის მხრივ,  საულიუს ვაიტკევიჩუსი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. პროკურორების განცხადებით, ბიზნესმენის დაკავების აუცილებლობა გამოწვეული იყო იმით, რომ ის აპირებდა ქვეყნიდან გაქცევას და მიმალვას. თუმცა თავად პროკურორებმაც განაცხადეს, რომ ვიატკევიჩუსი მთავარ პროკურატურაში მის წინააღმდეგ 2 მაისს დაწყებული გამოძიების შესახებ ოფიციალურად ინფორმირებული არ იყო, თუმცა, შესაძლოა, მას ეს გაეგო იმ მოწმეებისგან, რომლებიც იცნობენ ბიზნესმენს და რომლებიც დაკითხა პროკურატურამ.

 

პროკურორებმა დაკავების ერთ–ერთ არგუმენტად ისიც დაასახელეს, რომ ვიატკევიჩუსს ბილეთები მხოლოდ ერთი მიმართულებით ჰქონდა ნაყიდი და არ აპირებდა საქართველოში დაბრუნებას. გარდა ამისა, მან გაასხვისა საქართველოში არსებული ყველა ქონება, ასევე, რადგან ის ფლობს “კავკასუს ელექტრო მარკეტის” 15% წილს, შეუძლია იქ მომუშავე ადამიანებზე, მოწმეებზე, ზეწოლის მოხდენა.

 

“მას არ ჰქონდა ტუდა–აბრატნი ბილეთები”, – განაცხადა პროკურორმა  სასამართლო პროცესზე, რომელზეც ბიზნესმენისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობდნენ.

 

საულიუს ვიატკევიჩუსის ადვოკატებმა აბსურდული უწოდეს პროკურორების არგუმენტებს და განაცხადეს, რომ ბიზნესმენი საზღავრგარეთ მიდიოდა სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. მას იახტების შეჯიბრებაში უნდა მიეღო გუნდთან ერთად მონაწილეობა, ხოლო უკან, საქართველოში დასაბრუნებებლი ბილეთები იმიტომ არ იყიდა, რომ აღნიშნული შეჯიბრის ხანგრძლივობა ამინდის გაუარესებაზე იყო დამოკიდებული. შესაბამისად, როცა შეჯიბრი მორჩებოდა, ვიატკევიჩუსი დაბრუნდებოდა საქართველოში. გარდა ამისა, ის საქართველოში ტოვებდა თავის ოჯახს.

 

ადვოკატების განცხადებითვე, სიმართლეს არ შეესაბამება პროკურატურის ინფორმაცია, რომ ლიტველმა ბიზნესმენმა საქართველოში ყველა ქონება გაყიდა. მათი ცნობით, ვიატკევიჩუსი ამ დრომდე ფლობს გარკვეულ წილებს შემდეგ კომპანიებში: “კაუკასუს ელექტრო მარკეტი”, “ჯი ეს კონსალტინგი”, “კოპა გრუპი” და “ფუდ სერვის სოლუშენსი”. 

 

გარდა ამისა, ვიატკევიჩუსი არის საქართველოში ბალტიის ქვეყნების სავაჭრო–სამრეწველო პალატის თავმჯდომარე და 2013 წელს საქართველოს საზღვარი 4–5–ჯერ აქვს გადმოკვეთილი. ბოლოს საქართველოში 2013 წლის 11 მაისს ჩამოფრინდა. 

 

ბრალდებულის ადვოკატებმა პროკურორები არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულეს და მათ გამოთქვეს სურვილი, რომ კარგი იქნება, თუკი მთავარი პროკურატურა უწყებაში მომუშავე პროკურორებს ასწავლის სისხლის სამართლის საქმეების გარჩევას სამოქალაქო დავებისგან. ადვოკატ ტარიელ მურმანიშვილის განცხადებით, ამ შემთხვევაში პროკურორებმა ეს ვერ გაარჩიეს, რადგან ვიატკევიჩუსს კომპანია “კაუკასუს ელექტრო მარკეტთან” აქვს სამოქალაქო სახის დავა 2 მილიონ აშშ დოლართან დაკავშირებით და სისხლის სამართალი ამასთან კავშირში არ არის.

 

ადვოკატის განცხადებით, აღნიშნული სამოქალაქო დავა ვიატკევიჩუსმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოიგო, დავა კი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გრძელდება, შესაბამისად, მისი განხილვა სისხლის სამართლის კოლეგიის მიერ არ უნდა მოხდეს.

 

გარდა ამისა, როგორც თავად ბრალდებულმა განაცხადა, ის 2013 წლის მარტში ვაკე–საბურთალოს რაიონულ პროკურატურაში დაბარებული იყო დაკითხვაზე ამ საქმესთან დაკავშირებით.

 

“იქ პროკურორებმა დაასკვნეს, რომ ეს იყო სამოქალაქო დავა და სისხლის სამართლის გამოძიება ამაზე არ უნდა დაწყებულიყო, ამიტომ იმ დროს გამომიშვეს და პრობლემა არ ყოფილა”,  – განაცხადა ვიატკევიჩუსმა სასამართლო პროცესზე.

 

მოსამართლე გიორგი გოგინაშვილის კითხვის პასუხად პროკურორებმა განაცხადეს, რომ მათ არაფერი იცოდნენ აღნიშნულ საქმეზე არსებული სამოქალაქო დავისა და 2013 წლის მარტში ვაკე–საბურთალოს რაიონში ლიტველი ბიზნესმენის დაკითხვის თაობაზე.

 

საბოლოოდ, მოსამართლე გოგინაშვილმა არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ვიატკევიჩუსი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა აღკვეთის ღონისძიების გარეშე, წინასასამართლო სხდომა კი 2013 წლის 17 ივნისს ჩაინიშნა. ვიატკევიჩუსმა მედიასთან საუბარი არ ისურვა, მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ის განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

 

რამდენიმე დღის წინ საულიუს ვიატკევიჩუსის ცოლმა ვაივა ვიატკევიჩენემ ლიტვურ მედიას განუცხადა, რომ ერთადერთი, რაც იცის, არის ის, რომ გამოძიება დაინტერესდა საულიუს ვაიტკევიჩუსის კავშირებით ვანო მერაბიშვილის ყოფილ მრჩეველთან დარიუს იურგელიავიჩიუსთან, რომელიც ასევე იყო ტელეკომპანია “პიკის” მფლობელი. პროკურატურაში ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი