ახალი ამბები

ბრალდებული მღვდლების წინასასამართლო სხდომა 15 ივლისს გაიმართება

31 მაისი, 2013 •
ბრალდებული მღვდლების წინასასამართლო სხდომა 15 ივლისს გაიმართება

სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და წინასასამართლო სხდომა 15 ივლისს, 14:00 საათზე გაიმართება.

 

მამა იოთამ ბასილაია
მამა იოთამ ბასილაია

17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს – სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას ბრალი 23 მაისს, დილით, წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას – ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

 

მუხლი, რომლითაც სასულიერო პირებს წაუყენეს ბრალი, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

მამა ანთიმოზ (ბიჩინაშვილი)
მამა ანთიმოზ (ბიჩინაშვილი)

დღეს სასამართლოში იმყოფებოდა მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილი, რომელმაც “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში განაცხადა: 

 

“თავს დამნაშავედ არ ვცნობ, ორგანიზატორობაში მედავებიან, ორგანიზატორი მე ახლა არ ვყოფილვარ, უწმინდესი და უნეტარესი იმ დროს თურქეთში ბრძანდებოდა და ასე, სპონტანურად დაიგეგმა, ოღონდ ღვთის ნება იყო ყველაფერი, ეს ღვთის ნება, ორგანიზატორი ალბათ იესო ქრისტე იყო”.

 

ბრალდებული სასულიერო პირების წინააღმდეგ პროკურატურამ არ მიმართა სასამართლოს მათთვის აღკვეთის ღონისიძების შეფარდების მოთხოვნით. დღევანდელ სხდომაზე წინასასამართლო სხდომის თარიღი განისაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი