ახალი ამბები

ივანიშვილი პროკურორებს: ახლა გაქვთ საშუალება, ღირსება აღიდგინოთ

30 მაისი, 2013 •
ივანიშვილი პროკურორებს: ახლა გაქვთ საშუალება, ღირსება აღიდგინოთ

საზეიმო ღონისძიება ქვეყნის მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გახსნა, რომელმაც აღნიშნულ უწყებაში სამ მნიშვნელოვან მიღწევაზე გაამახვილა ყურადღება:

 

“პირველი – საქართველოს პროკურატურა არის სრულიად არაკორუმპირებული ორგანო. მოხდა სასწაული და დამარცხდა სისტემური კორუფცია, ეს დიდი მიღწევაა, ჩვენ ეს უნდა შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ; მეორე – დიდია პროკურატურის მუშაკების ერთგულება პროკურატურისადმი და სახელმწიფოსადმი. აქ ადამიანები მსახურობენ იმ რწმენით, რომ ემსახურონ სახელმწიფოს, ჩვენ ვაფასებთ ამ ერთგულებას. აღსანიშნავია დადებითი ფონი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და ელექტრონულ სისტემაზე გადასვლით, რაც ზოგავს ჩვენს დროსა და ენერგიას და მესამე – მუდმივია მოქმედ პროკურატურის მუშაკთა პროფესიონალიზმის ამაღლებაზე ზრუნვა, მუდმივად ტარდება ტრენინგები, კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ობიექტურობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ამ მიღწევების მნიშვნელოვან ნაწილს წინა ხელისუფლების პერიოდში ჩაეყარა საფუძველი,” – განაცხადა კბილაშვილმა და დაამატა – “ობიექტურობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნდობა პროკურატურამ ასევე წინა ხელისუფლების პირობებში დაკარგა. ნდობის აღდგენა ჩვენი უპირველესი გამოწვევა და ამოცანაა. წინა რეჟიმის პირობებში ამ თვალსაზრისით გაჩნდა პრობლემები. პროკურორი აღარ ასოცირდებოდა სიმართლის დამცველთან. ეს სისტემური პრობლემა იყო და ეს ნდობა უნდა აღდგეს, ნდობა შიშნარევ პატივისცემაზე უნდა იყოს დამყარებული,” – განაცხადა მთავარმა პროკურორმა და იქვე განმარტა, რომ “შიშში” კანონის შიში იგულისმება.

 

კბილაშვილის თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში პროკურატურის ქვედა რგოლებს გადაწყვეტილების უფლება არ ეძლეოდათ და დირექტივები მაინც ზემოდან მოდიოდა:

 

“ჩვენი გამოწვევაა სახელმწიფოებრივი აზროვნების ქონა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა განვასხვავოთ კანონი უკანონობისგან, სამართლიანობა უსამართლობისგან და ზნეობრიობა – უზნეობისგან. ამის შესახებ პრემიერს ჩვენთვის არაერთგზის უთქვამს”, – განაცხადა კბილაშვილმა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პროკურორობა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში საამაყო და მნიშვნელოვანი პროფესიაა.


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

“პროკურორმა უნდა დაიბრუნოს ნდობა. რაც მთავარია, ამისთვის არსებობს სახელმწიფო ნება,” – განაცხადა ივანიშვილმა.


მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროკურორებს ჰქონდეთ სათანადო სოცაილური დაცვის სისტემა და მათთვის დაწესდეს კომპენსაციებიც:


“ეს ინიციატივა თქვენმა ხელმძღვანელობამ მოგვაწოდა და მთავრობა იზრუნებს, რომ თქვენ გქონდეთ მეტი მოტივაცია, ცვლილებები კანონმდებლობაში კი ამის გარანტია იქნება.

 

მე კარგად ვიცი, რა ხდებოდა პროკურატურაში, ზიგიერთ თქვენგანზე ხორციელდებოდა ძალადობა, პროკურორები ბევრჯერ იყვნენ იძულებულნი, გაეკეთებინათ ის, რაც მათი სინდისის და კანონის წინააღმდეგ მიდიოდა. თქვენ ახლა გაქვთ საშუალება, ღირსება აღიდგინოთ. მე ვიქნები გარანტი, რომ  თქვენ ვერავინ ვერ გაიძულებთ ჩაიდინოთ რაიმე გადახვევა,” – განაცხადა ივანიშვილმა.

 

საქართველოში პროკურატურის დღეს 1999 წლიდან აღინიშნება, დღევანდელ ღონისძიებაზე კი 30-მდე პროკურორი დააჯილდოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი